ფეხბურთი

2:06 | 24.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" და "მანჩესტერი" პლეი-ოფში, "იუვენტუსმა" 2004 წლის შემდეგ ყველაზე დიდი სხვაობით წააგო

ჩემპიონთა ლიგას ორივე მერვედფინალისტი შეემატა - „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“. ძალიან საინტერესო ვითარება შეიქმნა G ჯგუფში, ხოლო „ბარსელონამ“ „ბენფიკას“ ვერ მოუგო და საკმაოდ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა.

E ჯგუფი

მიუნხენის „ბაიერნმა“ ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა, მას შემდეგ, რაც თოვლიან კიევში „დინამოს“ 2:1 მოუგო. ეს გასაკვირი არაა, მაგრამ ცალკე აღნიშვნის ღირსია რობერტ ლევანდოვსკის შედევრალური გოლი, რომელმაც ანგარიში გახსნა. „ბაიერნს“ 15 ქულა აქვს და ფანტასტიკურად თამაშობს. კიევის „დინამო“ კი ერთადერთი ქულით ჯგუფში უკვე ჩარჩა და ბოლო პოზიციასაც თავს ვერ დააღწევს.

ამ ჯგუფში გაცილებით დიდი ინტრიგა მეორე ადგილია. „ბარსელონა“ კონკურენტ „ბენფიკას“ მასპინძლობდა და თუ მოიგებდა, მერვედფინალის საგზურს გაინაღდებდა, თანაც ლისაბონში 0:3-სთვის რევანში ჰქონდა ასაღები. ეს იყო ჩავის პირველი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი მწვრთნელის რანგში და არ გამოუვიდა მაინცდამაინც კარგი.

„ბენფიკამ“ „კამპ ნოუზე“ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო და საბოლოოდ უგოლო ფრე, რითაც ბოლო ტურის წინ ყველაფერი ღიაა. საინტერესოა, რომ ბოლო წუთებზე ჰარის სეფეროვიჩმა ცარიელ კარში ვერ გაიტანა, თორემ „ბარსელონას“ მდგომარეობა ძალიან დამძიმდებოდა. ისე, არც ამ ფრითაა მსუბუქი და აი, რატომ:

„ბარსელონას“ 7 ქულა აქვს, „ბენფიკას“ – 5. ბოლო ტურში „ბენფიკა“ კიევის „დინამოს“ მასპინძლობს, რომელსაც სატურნირო მოტივაცია აღარ აქვს და თუ მოიგებს, „ბარსელონას“ ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ და მხოლოდ მოგება ეყოფა, მაგრამ ეს მიუნხენში, „ბაიერნთან“ უნდა გააკეთოს... „ბენფიკას“ მოგება და „ბარსას“ ფრე მერვედფინალში პორტუგალიურ გუნდს გაიყვანს, რადგან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს. ასე რომ, „ბარსელონამ“ კიევის „დინამოს“ ძალიან, ძალიან უნდა უქომაგოს...

„დინამო კიევი“ – „ბაიერნი“ 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (14), 0:2 კომანი (42), 1:2 გარმაში (70)

„ბარსელონა“ – „ბენფიკა“ 0:0 (0:0)

1. ბაიერნი 5 5 0 0 19 3 16 15
2. ბარსელონა 5 2 1 2 2 6 -4 7
3. ბენფიკა 5 1 2 2 5 9 -4 5
4. დინამო კიევი 5 0 1 4 1 9 -8 1

F ჯგუფი

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბევრი იწვალა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში უკვე გავიდა. ოლე გუნარ სულშერის გარეშე „წითელმა ეშმაკებმა“ პირველად ითამაშეს და დროებითი მწვრთნელის, მაიკლ კერიკის დებიუტი წარმატებული გამოდგა.

„ვილიარეალს“ რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბოლოს ინგლისელებმა გაიტანეს. კრიშტიანუ რონალდუ ისევ შეუჩერებელია და ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საწყის ხუთ მატჩში ინგლისური გუნდის რიგებში მოედანი უგოლოდ არ დატოვა. „მანჩესტერმა“ 10 ქულა დააგროვა და მომდევნო ეტაპზეა, „ვილიარეალს“ კი ბოლო ტურში ფრეც ხელს აძლევს.

შეიძლებოდა ესპანურ გუნდს ბოლო ტურში „ატალანტასთან“ სტუმრად მხოლოდ მოგება დასჭირვებოდა, მაგრამ ჯან პიერო გასპერინის გუნდმა შვეიცარიაში „იანგ ბოისს“ ვერ მოუგო - 3:3. „ატალანტა“ ორჯერ იგებდა, მათ შორის, მე-80 წუთამდე, მაგრამ ბოლოს ქულის გადასარჩენად მოუწია ბრძოლა და ლუის მურიელმა იტალიელები წაგებისგან იხსნა. სხვათა შორის, "ატალანტას" მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი, 9 ქულა აქვს დაკარგული მომგებიანი პოზიციიდან - მატჩებში, რომლებშიც იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოიგო.

„ვილიარეალს“ 7 ქულა აქვს, „ატალანტას“ 6 და ისინი ბოლო ტურში იტალიაში დაუპირისპირდებიან. „იანგ ბოისის“ აქტივში 7 ქულაა, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის შანსი უკვე დაკარგა.

„ვილიარეალი“ – „მანჩესტერი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 რონალდუ (78), 0:2 სანჩო (90)

„იანგ ბოისი“ – „ატალანტა“ 3:3 (1:1)

გოლები: 0:1 ძაპატა (10), 1:1 სიებატხუ (39), 1:2 პალომინო (51), 2:2 სიერო (80), 3:2 ჰეფტი (84), 3:3 მურიელი (88)

1. მანჩესტერ იუნაიტედი 5 3 1 1 10 7 3 10
2. ვილიარეალი 5 2 1 2 9 7 2 7
3. ატალანტა 5 1 3 1 10 10 0 6
4. იანგ ბოისი 5 1 1 3 6 11 -5 4

G ჯგუფი

G ჯგუფიდან გასვლის შანსს ბოლო ტურის წინ ყველა გუნდი ინარჩუნებს. „სევილიამ“ შინ „ვოლფსბურგს“ 2:0 მოუგო და პირველი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო „ლილმა“ ავსტრიულ „ზალცბურგს“ სძლია და ჯგუფში გალიდერდა.

„ლილს“ 8 ქულა აქვს, „ზალხბურგს“ 7, „სევილიას“ 6 და „ვოლფსბურგს“ – 5. ბოლო ტურში „ზალცბურგი“ – „სევილია“ და „ვოლფსბურგი“ – „ლილი“ გაიმართება. ასე რომ, რა მოხდება, პროგნოზირება ძალიან რთულია. ფაქტია, რომ ძალზე თანაბარი ჯგუფი გამოდგა, რაც თავიდანვე მოსალოდნელი იყო.

„ლილი“ – „ზალცბურგი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 დავიდი (31)

„სევილია“ – „ვოლფსბურგი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჯორდანი (13), 2:0 რაფა მირი (90)

1. ლილი 5 2 2 1 4 3 1 8
2. ზალცბურგი 5 2 1 2 7 6 1 7
3. სევილია 5 1 3 1 5 4 1 6
4. ვილფსბურგი 5 1 2 2 4 7 -3 5

H ჯგუფი

H ჯგუფში ლონდონის „ჩელსიმ“ „იუვენტუსთან“ სრულფასოვანი რევანში აიღო. მეორე ტურში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი და პრემიერლიგის ლიდერი, რომელიც საოცარ ფორმაშია და მაგარ სეზონს ატარებს, ფედერიკო კიეზას გოლით დაამარცხა და „სტემფორდ ბრიჯზე“ უდანაკარგოდ ჩავიდა. „იუვეს“ ქულაც ჰყოფნიდა, რომ პირველი ადგილი ოფიციალურად გაენაღდებინა, მაგრამ საშვილიშვილოდ შერცხვა. საშვილიშვილოდ იმიტომ, რომ 0:4 განადგურდა და ასე განადგურებული „იუვე“ ბოლოს როდის იყო, შეიძლება ვერ გაიხსენოთ... 17 წლის წინ იყო! 2004 წლის თებერვალში, „რომამ“ „იუვენტუსი“ 4:0 გაანადგურა და მას შემდეგ ტურინულმა გრანდმა პირველად წააგო ოთხბურთიანი სხვაობით...

პირველ ტაიმში ანგარიში ტრევორ ჩალობამ გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, ორწუთიან ინტერვალში ინგლისელებმა ორჯერ გაიტანეს და ყველაფერი გადაწყვიტეს, ხოლო მატჩის ბოლოს ტიმო ვერნერმა ანგარიში იტალიელთათვის სამარცხვინო გახადა - 4:0.

„ჩელსის“ 12 ქულა აქვს, ისევე, როგორც „იუვენტუსს“, მაგრამ ახლა ყველაფერი მის ხელშია, რადგან „ზენიტს“ ბოლო ტურში თუ მოუგებს, რაც ძნელი არ უნდა იყოს, პირველ ადგილზე გავა, ხოლო „იუვენტუსს“ „მალმიოსთან“ შინ ასევე არ უნდა გაუჭირდეს 3 ქულის მოპოვება, მაგრამ თუ "ჩელსი" "ზენიტთან" მოიგებს, ინგლისელები ყველა ვარიანტში პირველ ადგილს დაიკავებენ.

ამ ჯგუფში მესამე ადგილის და ევროპა ლიგაზე გადამსვლელის ბედი გაირკვა. „ზენიტმა“ ბოლო წუთზე დაიძვრინა თავი „მალმიოსთან“ მარცხისგან და 1:1, რითაც 4 ქულა გაუხდა და მესამე ადგილს აღარ დაკარგავს.

„ჩელსი“ – „იუვენტუსი“ 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჩალობა (25), 2:0 ჯეიმსი (56), 3:0 ჰადსონ-ოდოი (58), 4:0 ვერნერი (90)

„მალმიო“ – „ზენიტი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 რიკსი (28), 1:1 რაკიცკი (90, პენ)

1. ჩელსი 5 4 0 1 10 1 9 12
2. იუვენტუსი 5 4 0 1 9 6 3 12
3. ზენიტი 5 1 1 3 7 7 0 4
4. მალმიო 5 0 1 4 1 13 -12 1
0.11352