ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ესპანურ გამოცემა Marca-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ თემაზე ისაუბრა. მათ შორის, „ბარსელონაზე“, ჩავიზე, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებსა და კრიშტიანუ რონალდუსთან კონკურენციაზე.
„ბარსელონასთვის“ ყოველთვის საუკეთესო მინდა. მუდამ მისი გულშემატკივარი ვიქნები, თუნდაც იქ არ ვითამაშო. ყოველთვის ვამბობდი, რომ ადრე თუ გვიან, ბარსელონაში დავბრუნდები, რადგან ის ჩემი სახლია და იქ ვიცხოვრებ. რა თქმა უნდა, თუ შემეძლება ჩემი წვლილი შევიტანო და დავეხმარო კლუბს, კარგი იქნება, სიამოვნებით დავბრუნდები. ახლა ძალიან კარგად, მთლიანად ადაპტირებული ვარ საფრანგეთში, ისევე, როგორც ჩემი ოჯახი. ფრანგული ენა უფრო ადვილია, ვიდრე მეგონა. თავიდან უცნაური გრძნობა იყო სერხიო რამოსთან ერთად ვარჯიში ამდენი წლის მეტოქეობის შემდეგ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მისი თანაგუნდელობა შესანიშნავია. მბაპე პსჟ-ზეა ორიენტირებული, მაგრამ მხოლოდ მან იცის თავისი მომავალი.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ძალიან ძლიერი გუნდია დიდი ფეხბურთელებით. კრიშტიანუ უკვე იცნობდა კლუბს, მაგრამ მაინც სხვა ფაზაში იყო და გუნდს შესანიშნავად მოერგო. თავიდანვე გოლები გაიტანა და ადაპტაციის პრობლემა არ ჰქონია. პრემიერლიგაში თამაში ადვილი არ არის, როგორც ბევრს ჰგონია, ეს ძალიან რთული და ერთგვაროვანი ტურნირია. დიდი დრო გავიდა, რაც ერთ ჩემპიონატში აღარ ვთამაშობთ. ინდივიდუალურად თუ გუნდურად ერთი და იგივე მიზნებისთვის ვიბრძოდით. ძალიან კარგი ეტაპი იყო ჩვენთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც, რადგან ისინი სიამოვნებას იღებდნენ. ეს არის კარგად მოსაგონარი ისტორია, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში დარჩება.
ჩავი ძალიან მნიშვნელოვანი მწვრთნელი იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რადგან მათ ბევრს ასწავლის. მასთან ერთად გუნდი ძალიან გაიზრდება, ეჭვი არ მეპარება. ხშირად ვლაპარაკობ მასთან. ჩვენ მეგობრები ვართ, ბევრი რამ ერთად გავიზიარეთ და რაც გუნდიდან წავიდა, კონტაქტი ყოველთვის გვქონდა. დანი ალვეში დაბრუნებით გაოცებული ვარ, განსაკუთრებით ასეთ მომენტში. ვფიქრობ, ეს შეიძლება გუნდისთვის კარგი იყოს, ისევე, როგორც ჩავი ახალგაზრდებისთვის. ის დაეხმარება მათ ზრდაში, რადგან გამარჯვებული ადამიანია და ბევრს გადასცემს.
ყველა ამბობს, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია. არ უარვყოფ, რომ ქაღალდზე ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა განვითარდეთ, რომ ნამდვილად ძლიერი პსჟ გავხდეთ. გუნდად უნდა ვიქცეთ, ამ მიზნისთვის დიდი მოთამაშეები გვყავს. თუმცა, პსჟ არ არის ჩემპიონთა ლიგის ერთადერთი ფავორიტი, სხვა დიდი გუნდებიც არიან, რომლებიც გამარჯვებისთვის იბრძვიან. ჩემპიონთა ლიგა ძალიან რთული ტურნირია, რაც მას განსაკუთრებულს ხდის. მასში საუკეთესო გუნდები თამაშობენ. დიახ, ჩვენ ფავორიტები ვართ, მაგრამ არა ერთადერთი. „ლივერპული“ ახლა ძალიან კარგ ფორმაშია. ისეთი „ლივერპულია“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასევე არიან „მანჩესტერ სიტი“, „ბაიერნი“, „რეალი“, „ატლეტიკო“. ბევრი გუნდია, რომელსაც შეუძლია მიმდინარე სეზონში გამარჯვებისთვის ბრძოლა“, - თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ ზაფხულში "ბარსელონა" დატოვა და "პარი სენ ჟერმენში" გადავიდა. ფრანგულ გუნდში მან დღემდე 9 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა (3 ჩემპიონთა ლიგაზე და 1 საფრანგეთის ლიგა 1-ში).