დაუმარცხებელმა ტერენს კრაუფორდმა, WBO-ის როჭოს წონის (67 კგ) ტიტული, შონ პორტერის დამარცხებით დაიცვა. ბრძოლა ლას ვეგასის კაზინო მანდალაი ბეიში ჩატარდა და მის მე-10 რაუნდში, ჩემპიონმა ტიტულის მოცილე ორჯერ დასცა.
პორტერის მამამ და მწვრთნელმა კენ პორტერმა, მაყურებელი გააოცა, როცა მეორე ნოკდაუნის შემდეგ, ბრძოლის შეწყვეტა ითხოვა.
„მე დღეს უფრო მაგარი ვიყავი. პირველივე რაუნდში ავუღე ალღო. მივხვდი, რომ ადვილად ვწვდებოდი, მას კი უნდა გაერისკა, რათა ახლო დისტანციაზე შემოსვლის შანსები ჰქონოდა“, - ყვება კრაუფორდი, ვისაც უკვე 38 გამარჯვება (29 ნოკაუტით) დაუგროვდა.
მეათე რაუნდის დასაწყისში, კრაუფორდმა მეტოქეს ცაციათი აპერკოტი აგემა. პორტერი ჩაიმუხლა, მაგრამ ბრძოლის გაგრძელება შეძლო. მალე კრაუფორდმა უკვე მარჯვენა ხელით, გვერდიდან დაარტყა სახეში, რასაც პორტერის დაცემა მოჰყვა. მაშინვე რინგზე პორტერის მამა ავიდა და მან რეფერის ბრძოლის შეწყვეტა სთხოვა.
პორტერმა მეორე დაცემაც მოინელა და ათის დათვლამდე შეძლო ფეხზე დადგომა, მაგრამ მამამისმა სხვაგვარად გადაწყვიტა. მოგვიანებით თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მისი შვილი „თვალდახუჭული იბრძოდა“.
პორტერი (31-4-1, 17 ნოკაუტი) მამის გადაწყვეტილებას არ შეწინააღმდეგებია: „ამას არ ველოდი, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. კრაუფორდი ადვილად აღწევდა მიზანს“.
კრაუფორდმა განაცხადა, რომ მხოლოდ დროის ამბავი იყო ნოკაუტი, ან შეხვედრის მსაჯის მიერ შეწყვეტა: „სახეზე შევატყე, რომ ძლიერი ტკივილი მივაყენა. მამამისი სწორად მოიქცა. ჩემი შეჩერება შეუძლებელი იყო“. ამგვარად, საჩემპიონო შეხვედრებში მას 16-ვე ბრძოლა მოგებული აქვს.
არადა, პირველ ცხრა რაუნდში, თითქმის თანაბარი ბრძოლა იყო. ორივე მოკრივეს წარბები დაუსისხლიანდა, რაც თავებით დაჯახებებმა გამოიწვია. მათ დამხმარეებს ბევრი გარჯა უწევდათ იმისთვის, რომ ახალი რაუნდის დაწყებამდე, სისხლდენა შეეჩერებინათ.
დასაწყისში პორტერი უფრო აგრესიული იყო და მან რამდენიმე რაუნდი მოიგო კიდეც. ის კრაუფორდს პიტ ბულივით უტევდა, მისთვის უკან დასახევი სივრცის შეზღუდვას ცდილობდა, რათა კომბინციებით დაებომბა. მაგრამ კრაუფორდიც არ აკლებდა.
კრაუფორდი ახლა როჭოს წონაში სხვა პრესტიჟული გაერთიანებების ტიტულებსაც უმიზნებს. ორ მათგანს (IBF-ის და WBC-ს) ეროლ სპენსი ფლობს, WBA-ის ტიტული კი იორდენის უგასს ეკუთვნის.
კრაუფორდი მსუბუქ წონაში (61 კგ) ფლობდა ტიტულს, ზემსუბუქში (63.5 კგ) კი აბსოლუტური ჩემპიონი იყო.