„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ჩელსისთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ინგლისური გუნდის სათამაშო სტილი რომელუ ლუკაკუსთან ერთად სხვანაირია, ხოლო როცა ბელგიელი არ თამაშობს - სტილი იცვლება.
„პრემიერლიგის ლიდერთან და ჩემპიონთა ლიგის ბოლო გამარჯვებულთან ჯგუფში პირველი ადგილისთვის ვითამაშებთ. ეს ჩვენთვის დიდი გამოცდა იქნება. „ჩელსის“ თამაში ლუკაკუსთან ერთად და მის გარეშე, განსხვავებულია. ლუკაკუ საორიენტაციო თავდამსხმელია, მის გარეშე კი გუნდი უფრო სწრაფად და კონტრშეტევებზე თამაშობს. როცა მოედანზეა, დაცვაში მის წინააღმდეგ ერთი გზით უნდა ითამაშო და როცა არ არის, მაშინ სხვა გზა უნდა მოძებნო. ჩვენ, ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად უნდა ვიყოთ.
დიბალა დაგვიბრუნდა, მაგრამ არ ვიცი, რამდენი წუთი შეუძლია თამაში. ფორვარდის პოზიციაზე მორატა ან კინი იქნება, ან შეიძლება ორივეს 45-45 წუთი მივცე. საგოლე მომენტებს ვქმნით, მაგრამ სათანადოდ ვერ ვიყენებთ და ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ. მშვიდად უნდა ვითამაშოთ და კარის წინ არ უნდა ვიჩქაროთ“, - თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, „იუვენტუსს“ ოთხ ტურში 12 ქულა აქვს მოპოვებული და მერვედფინალის საგზური უკვე გაფორმებული აქვს, ხოლო „ჩელსისთან“ ფრის შემთხვევაშიც კი ჯგუფში პირველ ადგილს დაიბევებს.