„ლენოვო ტენერიფეს“ კალათბურთელი გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას მე-11 ტურის სამ საუკეთესო მოთამაშეში მოხვდა ჩიმა მონეკესთან და ჯეისონ გრეინგერთან ერთად.
შერმადინს „გრან კანარიასთან“ ფანტასტიკური თამაში ჰქონდა და ორმაგი დუბლი მიითვალა - 25 ქულა, 10 მოხსნა (22 წუთში).
„ქართველმა მეოთხე ტურიდან მეცხრე ტურამდე ვერ ითამაშა, დაბრუნების შემდეგ კი, საშუალოდ 4.5 ქულას (3/8 შედეგიანი სროლა), 4 მოხსნა და 4 მარგი ქმედების კოეფიციენტს აგროვებდა. მოულოდნელად, კანარიულ დერბიში ყველაფერი იმ დონემდე შეიცვალა, რომ ლიგა ენდესაში თითქმის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.
შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 41-ს მიაღწია და მხოლოდ 2019-2020 წლების სეზონში ჰქონდა უკეთესი შედეგი (42), მაშინაც „გრან კანარიასთან“ დერბიში! ამჯერად მან 25 ქულა ჩააგდო - 7/7 ორქულიანი და 11/13-დან საჯარიმო. თითქოს ეს არ იყო საკმარისი, რომ ამას 10 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება დაუმატა და +14 ქულა ჰქონდა მის გუნდს, როცა მოედანზე გახლდათ. ეს ყველაფერი მხოლოდ 22 წუთსა და 44 წამში! შეუჩერებელი“, - წერს ლიგა ენდესას ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში შერმადინს ტრავმის გამო თვენახევარი გაუცდა, ახლა კი ის თბილისში ჩამოვა და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უკრაინასა და ესპანეთთან მატჩები ელოდება.