ფეხბურთი

15:29 | 22.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

პედრი Golden Boy-ს გამარჯვებული გახდა

„ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი პედრი 2021 წლის Golden Boy-ს გამარჯვებული გახდა. ეს არის ჯილდო, რომელსაც იტალიური გაზეთი Tuttosport-ი 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელებს გადასცემს.

პედრიმ საბოლოო ჯამში 318 ხმა მიიღო და ძალიან დიდი უპირატესობით იმარჯვა. შედარებისთვის, მეორე ადგილზე გასულ ჯუდ ბელინგემს მხოლოდ 119 ხმა ერგო.

„მადლობა „ტუტოსპორტს“ ამ ჯილდოსთვის, რომელიც ჩემთვის საამაყოა. ასევე მადლობა ჟიურის ყველა წევრს და გულშემატკივარს, რომლებიც მხარში მედგნენ ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელ 2021 წელს. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა „ბარსას“, ეროვნულ ნაკრებს, ჩემს ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვინც ჩემს გვერდით იყო. მათ გარეშე ამ ჯილდოს ვერ მოვიგებდი“, - თქვა პედრიმ.

პედრი „ბარსელონას“ პირველი ფეხბურთელია ლიონელ მესის შემდეგ, რომელმაც Golden Boy მოიგო. ზოგადად, ეს პრესტიჟული ჯილდო რომ არის, წინა წლების გამარჯვებულებიც მოწმობენ. იტალიური გამოცემა გამარჯვებულს 2003 წლიდან ასახელებს და პედრიმდე ეს ჯილდო შემდეგმა ფეხბურთელებმა მიიღეს:

რაფაელ ვან დერ ვაარტი (2003), უეინ რუნი (2004), ლიონელ მესი (2005), სესკ ფაბრეგასი (2006), სერხიო აგუერო (2007), ანდერსონი (2008), პატო (2009), მარიო ბალოტელი (2010), მარიო გიოტცე (2011), ისკო (2012), პოლ პოგბა (2013), რაჰიმ სტერლინგი (2014), ენტონი მარსიალი (2015), რენატო სანჩესი (2016), კილიან მბაპე (2017), მატაის დე ლიხტი (2018), ჟოაო ფელიქსი (2019), ერლინგ ჰოლანდი (2020).

Golden Boy-ს 2021 წლის 100 ნომინანტს შორის ხვიჩა კვარაცხელიაც იყო, თუმცა ქართველი ფეხბურთელი ჯილდოსთვის ბრძოლას სექტემბერში გამოეთიშა, როცა 40 საუკეთესო კანდიდატს შორის ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ პედრიმ გასულ სეზონში „ბარსელონას“ მაისურით 52 მატჩში 4 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ევრო 2020-ზე ესპანეთის ეროვნული ნაკრების რიგებში ითამაშა და შემდეგ ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. მიმდინარე სეზონში კი პედრის ტრავმების გამო ბევრი გაუცდა და მოედანზე მხოლოდ ოთხჯერ გავიდა.

0.11401