ბლოგი

12:21 | 21.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყანა მუნდიალს მიღმა

გასულ კვირაში ისტორიული რამ მოხდა. ჩინეთმა საერთო შემოსავლით აშშ-ს გადაასწრო და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა გახდა. ეს ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ ეს შემოსავალი ყველაზე თანაბრად ნაწილდება და რიგითი ჩინელი ამერიკის მოქალაქეზე მდიდარია. მაგრამ ეკონომიკურადაც და ფსიქოლოგიუყრადაც უმნიშვნელოვანესია როდესაც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა ხარ და ეს მაშინ, როდესაც შენს ტერიტორიაზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით საშინელებები ხდება.

ამ კვირაში ისიც გაირკვა, რომ ჩინეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები კვლავ ვერ მოხვდა მსიოფლიოს ჩემპიონატზე და უსახელოდ გამოეთიშა აზიის ზონის შესარჩევ რაუნდს. რაც თავი მახსოვს, ჩინელები მუნდიალზე სულ 1-2-ჯერ მინახავს და მაშინაც ვერ ვიტყვით რომ რაიმე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დაუტოვებიათ. ერთი ის იყო, რომ რაკი ყველგან მრავალრიცხოვანი დიასპორა ჰყავთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ქომაგების სიმცირეს ჩინეთის გუნდი არასოდეს უჩიოდა და უჩინეთობა მუნდიალის მასპინძელი ქვეყნებისთვის სოლიდური შემოსავლის დაკარგვას ნიშნავს.

ფული ფეხბურთი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი რამაა, მაგრამ მხოლოდ ფული ნამდვილად რომ არაა ყველაფერი, ეს სწორედ ჩინეთის მაგალითიდანაც ჩანს. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ჩინურ ფეხბურთში მართლაც რომ არნახული თანხები ჩაიდო. ადგილობრივ ბიზნესმენებს, ვინც ჩინეთის ეროვნულ პირველობაში ფულს დებდა (იყო გუნდის სპონსორი, ყიდულობდა კლუბს თუ უბრალოდ სარეკლამო თანხებს იხდიდა) მათ სახელმწიფო გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს უკეთებდა და ამ გზით ფეხბურთთ ბევრი ბიზნესმენი დაინტერესდა. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ფეხბურთი არც ადრე იცოდნენ და არც ახლა გაეგებათ რამე.

კორონა-პანდემიამდე (რომლიც მოგეხსენებათ სწორედ ჩინეთს უკავშირდება) ჩინეთის საფეხბურთო ჩემპიონატი დაემსგავსა არაბული ქვეყნების ლიგებს, სადაც მობერებული ლეგენდარული ფეხბურთელები ჩადიოდნენ კარიერის ბოლო სეზონების სათამაშოდ და ფულის გასაკეთებლად. ამის პარალელურად, ჩაჰყავდათ ევროპელი მწვრთნეელები და ფიზ-მომზადების სპეციალისტები, რომლებსაც ადგილობრივი კადრები უნდა მოემზადებინათ და რაიმენაირად მიახლოვებოდნენ ევროპულ დონეს.

ვერ ვიტყვით რომ ამ ექსპერიმენტმა, მცდელობებმა და დიდი ფულის ყრამ გაამართლა და არა მგონია ეს მხოლოდ გლობალური პანდემიის ბრალი იყოს. ზემოთაც ვთქვით, რომ ფეხბურთში ფული მნიშვნელივანია, მაგრამ მხოლოდ ფულით თუნდაც მდიდარი ჩინეთი ვერ გახდება უღარიბესი, მაგრამ ფეხბურთით მსუნთქავი არგენტინა. ვერც “შენხუას“ საუკეთესო ფეხბურთელი, ვინმე ვონ ჟუნ ლი გახდება ლაუტარო მარტინესი, სულ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები და ტაქტიკოსებიც რომ დაახვიო თავს. არა იმიტომ, რომ ვონ ჟუნ ლი ცუდი ბიჭია, უნიჭოა, სირბილი ეზარება და დარტყმა არ უვარგა. უფრო იმიტომ, რომ ლაუტარო მარტინესი რომ გაიზარდა, იმ უბანში დიდი, პატარა, მოხუცი, გიჟი და ჭკვიანი, - ყველა ბურთს აგორებს, ყველა ფეხბურთით ცოცხლობს და ბიჭ-ბუჭებიარამხოლოდ ლეგენდარულ “ბოკასა და “რივერში“, არამედ არგენტინის მეორე ლიგაში მოხვედრაზეც კი ოცნებობენ - იქ, სადაც ტრიბუნებზე მსხდომი ხალხი შენი თამაშისა და შემდეგ უკვე შენი ცხოვრებს საუკეთესო შემფასებელია.

ჩინეთის მუნდიალზე ვერმოხვედრა საფეხბურთო სამყაროში დიდად არავის მიუტანია გულთან, რადგან ამ გუნდისგან განსაკუთრებულს არაფერს ელიან. ჩინეთის ფენომენი არც იმ აბსურდული შეხედულებით იხსნება, რომ თითქოს აზიელებს ფეხბურთი მაინცდამიანც არ უყვართ. ეს დიდი ტყუილია! აბა შეხედეთ მაგალითად ირანს, სადაც ადამიანები მუნდიალიდან-მუნდიალამდე დღეებს ითვლიან და ირანელმა ქალებმა ისლამისტებთან დიდი ბრძოლით, სტადიონებზე შესვლის უფლებაც კი მოიპოვეს. ანდა არაბული ქვეყნები ნახეთ, როგორ გიჟდებიან იქაურები ფეხბურთზე. იაპონიასა და კორეაშიც სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება სპორტის უპირველესი სახეობით. ჩინეთს რაღაც სხვა სჭირს, სპეციფიური და ამოუხსნელი. როგორც იმ ცნობილ რეკლამაშია - ყველაფერს მართლაც ვერ იყიდი ფულით!

0.114486