ბელგიის იუპილერ ლიგის მე-15 ტურში გიორგი მიქაუტაძის „სერანმა“ სტუმრად ლევან შენგელიას „ლეუვენი“ 3:1 დაამარცხა და ქართველმა ფორვარდმა გოლი გაიტანა.
მიქაუტაძემ ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა, როდესაც საჯარიმოში კარგად ითამაშა და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა. 71-ე წუთზე გიორგიმ გოლს საგოლე პასი დაუმატა და მისი გადაცემით იუსევ მაზიზმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
მიქაუტაძე მოედანზე 89-ე წუთამდე იყო, მიმდინარე სეზონში კი კონკრეტულად ბელგიის ჩემპიონატში მე-6 გოლი გაიტანა (მეცხრე მატჩში) და ბომბარდირთა დავაში მე-10 ადგილზეა. გარდა ამისა, გიორგის ბელგიის თასზე ორ შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი. გამოდის, რომ „სერანში“ დაბრუნების შემდეგ 21 წლის შემტევმა ყველა ტურნირზე 11 თამაშში თავი 9-ჯერ გამოიჩინა.
„ლეუვენის“ რიგებში ლევან შენგელია თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო და საგოლე გადაცემა მიითვალა. ლევანის პასით მატიუ მაერტენსმა გაქვითა ერთი გოლი და - 1:3. 26 წლის ნახევარმცველს 8 თამაშში 2 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს თავის აქტივში.
„სერანი“ 15 ტურის თავზე 16 ქულით მე-15 ადგილზეა, ხოლო „ლეუვენს“ 17 ქულა აქვს და მე-14 საფეხურზე იმყოფება.