ფეხბურთი

20:05 | 20.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" და "დინამო ბათუმმა" მოიგეს და ქულათა სხვაობა შენარჩუნდა

„დინამო ბათუმი“ ისტორიულ და პირველ საჩემპიონო ტიტულთან ძალიან ახლოსაა. გია გეგუჩაძის გუნდმა 34-ე ტურში „თელავი“ დაამარცხა და უკვე ერთადერთი ქულა აშორებს ოფიციალურად პირველი ადგილი რომ გაინაღდოს.

ბათუმელებს „თელავთან“ არ ჰქონიათ ადვილი თამაში. კახელთა მეკარის, სანიკიძის შესანიშნავი გარჯით სტუმრები 72 წუთი ახერხებდნენ კარის მშრალად შენახვას, მაგრამ ეს თორნიკე გაფრინდაშვილის დღე იყო. ზღვისპირელთა შემტევი თამაშში შეცვლაზე ჩაერთო და მატჩის გმირი გახდა. მან 73-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 89-ე წუთზე დუბლი შეასრულა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

ასევე 2:0 მოიგო „დინამო თბილისმა“, რომელმაც შინ ქობულეთის „შუქურას“ პირველივე ტაიმში გიორგი გაბედავასა და ზორან მარუშიჩის გატანილი გოლებით დამაჯერებლად დაამარცხა.

ამრიგად, ლიდერთა შორის 5-ქულიანი სტატუსქვო უცვლელია. „დინამო ბათუმს“ 71 ქულა აქვს, „დინამო თბილისს“ 66 და სეზონის ფინიშამდე მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი. მომდევნო ტურში „დინამო ბათუმი“ 29 ნოემბერს, „სამგურალს“ ესტუმრება, ხოლო „დინამო თბილისი“ 28 ნოემბერს, „სამტრედიას“ შეხვდება და თუ ვერ მოიგებს, ბათუმელები ჩემპიონები უთამაშებლად გახდებიან.

„დინამო თბილისი“ - „შუქურა“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 გაბედავა (15), 2:0 მარუშიჩი (31)

„დინამო ბათუმი“ – „თელავი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 გაფრინდაშვილი (73), 2:0 გაფრინდაშვილი (89)

0.123901