კალათბურთი

10:55 | 20.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

არის დრო, არის შედეგი! - ბითაძის "ინდიანა" ბრძოლაში დამარცხდა (+VIDEO)

გოგა ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა და მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გაცილებით მეტს იმსახურებს, ვიდრე მისი საშუალო სათამაშო დროა (7.5 წუთი). NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში "ინდიანამ" "შარლოტ ჰორნეტსს" უმასპინძლა, "მიჯრით მესამე შეხვედრა დათმო და უშუალოდ აღნიშნულ დაპირისპირებაში დაძაბულ ბრძლაში – 118:121 წააგო.

"პეისერსის" სასტარტო ხუთეულმა ვერ გაამართლა. ლიდერ დომანტას საბონისს 8 ქულა ჰქონდა, ხოლო მაილს ტერნერს – 6. აღსანიშნავია, ისიც რომ რიკ კარლაილის გუნდიდან არც ერთ კალათბურთელს 23 წუთზე მეტი არ უთამაშია.

რაც შეეხება ქართველ ცენტრს, გოგა ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე არასრული 22 წუთი გაატარა. მან 8-დან 3 სროლა ზუსტად გამოიყენა, რომელთაგანაც 4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ბითაძემ მოპოვებულ 11 ქულას, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაც დაამატა.

გოგას მოედანზე ყოფნის პერიოდში ინდიანაპოლისელებმა მეტოქეს 14 ქულით აჯობეს. ქართველი ცენტრი საკმაოდ აქტიური იყო, 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს.

დამარცხებულთა გუნდიდან ყველაზე შედეგიანი ჯერემი ლამბი იყო. ამერიკელმა გამთამაშებელმა საკუთარ გუნდს 23 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი შესძინა, ხოლო მალკომ ბროგდონს 16 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი ჰქონდა.

"შარლოტიდან" კი ლამელო ბოლს32 ქულით, 11 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი ჰქონდა. გორდონ ჰეივორდს კი 25 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 3 პასი.

"ინდიანას" 6 მოგების წილ 11 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. გოგა და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 21 ნოემბერს "ნიუ ორლეანსის" წინააღმდეგ ჩაატარებს. რაც შეეხება "ჰორნეტსს", ჯეიმს ბორეგოს გუნდმა მიჯრით 5 მარცხის შემდეგ ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო და 10:7-ზე ბალანსით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ მატჩს კი 21 ნოემბერს, "ატლანტა ჰოუქსს" სტუმრად დაუპირისპირდება.

0.118033