ჩოგბურთი

0:15 | 20.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუუდი ATP-ს ფინალის მეოთხე ნახევარფინალისტია

ATP-ს ფინალური ტურნირის ნახევარფინალის მეოთხე საგზურს ნორვეგიელი კასპერ რუუდი დაეუფლა. მან 2-6, 7-5, 7-6(5) დაამარცხა რუსი ანდრეი რუბლევი. მომდევნო მეტოქედ კი ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, რუსი დანიილ მედვედევი ეყოლება.

22 წლის რუუდმა, ტურინში მიმდინარე ტურნირის მწვანე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. პირველზე კი მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდა, ვისი მეტოქეც გერმანელი ალექსანდერ ზვერევია.

რუუდი ATP-ს ფინლში პირველად თამაშობს. პირველივე შეხვედრაში მისი მეტოქე ჯოკოვიჩი იყო, ვისთანაც დამარცხდა, თუმცა შემდეგ ბრიტანელ კამერონ ნორიეს და რუბლევს მოუგო.

„მომენტით ვტკბები. ხვალინდელ შეხვედრას მოუთმენლად ველი. მორიგი რთული პაექრობა მელის. სრულებით განსხვავებული მეტოქე მეყოლება, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. მას ორჯერ შევხვედრივარ და ორივე წავაგე. მაგრამ ახლა ვიცი, ვისთან მაქვს საქმე და მისგან რას უნდა ველოდო“, - ამბობს რუუდი.

ნორვეგიელს რუბლევთან წინა ოთხივე შეხვედრა წაგებული აქვს და ამჯერადაც თამაში ისე დაიწყო, რომ კარგი არაფერი ელოდა. რეიტინგში მეხუთე ადგილზე მყოფმა რუბლევმა, შეხვედრის დასაწყისშივე ორ ბრეიკს მიაღწია. მის უპირატესობაზე ის გარემოებაც მეტყველებს, რომ საკუთარ მოწოდებაზე, გათამაშების 92 პროცენტი მოიგო.

რუუდმა, ვინც ნორიესთანც პირველი სეტი წააგო, მაგრამ შემდეგ შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა, მეორე სეტიც საკუთარი მოწოდების დათმობით დაიწყო. მაგრამ შემდეგ აგრესიას უმატა და ბადესთან გასვლებს უხშირა, რამაც მომდევნო გეიმშივე, საპასუხო ბრეიკის აღების საშუალება მისცა.

ამის შემდეგ, რუუდმა მეტოქის მოწოდებასაც აუღო ალღო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტი სეტის მეხუთე გეიმში, რუბლევმა ისევ მიაღწია ბრეიკს (3-2), მაგრამ რუუდმა ამჯერადაც მომდევნო გეიმში გაათანაბრა ანგარიში (3-3). საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ნორვეგიელმა გამარჯვების ქულა ეისით მოიპოვა და ნახევარფინალშიც გავიდა.

ნახევარფინალში რაც უნდა მოხდეს, რუუდისთვის ეს ტურნირიც და მთლიანად სეზონიც, წარმატებულია. მას ერთეულებში ტურის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული და რეიტინგში მერვე ადგილზე იმყოფება.

0.13355