ფეხბურთი

22:04 | 19.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა პირველი წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ "ესპანიოლთან" გასამართი ლა ლიგის მატჩს გუნდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს და ემოციებს არ უნდა აყვეს.

"ემოციები უნდა გავაკონტროლოთ, რადგან დერბის ვთამაშობთ და შეცდომები არ უნდა დავუშვათ. იქნება დაძაბულობა, ნერვიულობა, მაგრამ ჩემ ფეხბურთელებს ვენდობი. აღფრთოვანებული ვარ ვარჯიშებით, რომელიც მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. ასევე, მომწონს გუნდის დამოკიდებულება. ჩვენ ვართ გუნდი, ოჯახი და პოზიტიური ასპექტები შედეგში უნდა გარდავსახოთ.

მჯერა, რომ თუ ისე ვითამაშებთ, როგორც გვინდა, სამ ქულას ავიღებთ. ფეხბურთელებთან კომუნიკაცია უნდა გვქონდეს, რათა გამარჯვება შევძლოთ, მაგრამ მათზე ზეწოლა არ უნდა განვახორციელოთ, რადგან ახლა ვიწყებთ პროექტს. ცხადია, რომ ჩვენი მუშაობა შედეგებით შეფასდება, მაგრამ ყოველდღიური ვარჯიშები და გუნდის სამუშაოსადმი დამოკიდებულება ძალიან ოპტიმისტური იყო. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ტურნირებზე უნდა გადავიტანოთ.

აქ იმისთვის ვარ, რომ გადაწყვეტილებები მივიღო. წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. ეს არაა მხოლოდ პროფესიული მიდგომა, არამედ ინდივიდუალურიცაა, რადგან "ბარსას" ფანი ვარ, ყოველთვის ვიყავი და მინდა ამ ყველაფერმა იმუშაოს. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ დამოკიდებულება, ძალისხმევა და პატივისცემა. გულშემატკივრებმა სიამაყე უნდა იგრძნონ მაშინაც კი, როცა ჩვენ ვერ ვიგებთ." - ციტირებს ჩავის სიტყვებს "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი.

ესპანელმა ასევე ისაუბრა ფეხბურთელებზე. ჩავიმ აღნიშნა, რომ გუნდმა აუცილებლად უნდა გააკონტროლოს ბურთი და ის ნიჭი, რომელიც თითეულ მოთამაშეს აქვს, აუცილებლად გამოჩნდება. ერნანდესმა ასევე განაცხადა, რომ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ახლადდამატებული დანი ალვეში, მემფის დეპაი, ფრენკი დე იონგი და გავი, გუნდს წარმატებას მოუტანენ.

"მომწონს ის ტალანტი, რომელიც გუნდშია. თუ ითამაშებ პრესინგით, ბურთს დაიჭერ, გააკონტროლებ, მაშინ გუნდის მაღალი სათამაშო ხარისხი გამოვლინდება. ინტენსიურმა ვარჯიშებმა და საქმის კარგად გაკეთების სურვილმა გამაკვირვა. ფეხბურთელებს ინდივიდუალურად და ჯგუფურად ვესაუბრეთ, მაგრამ საჭიროა ხვალიდან ბრძოლა დაიწყოს.

ვიცნობ დანი ალვეშს და იგი ძალიან დაგვეხმარება. მას აქვს ხასიათი, შემართება და პოზიტიური ადამიანია. დანი კარგ ფორმაშია, ფიზიკურად ძლიერია. ვნახეთ მისი თამაში და მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება.

გავი უნივერსალურია, ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში, როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში. იგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გავი ახალგაზრდაა და აუცილებლად დასჭირდება გუნდს ახლაც და მომავალშიც.

მემფისი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას შეუძლია შეტევაში სივრცეები მონახოს, გაიტანოს გოლები და ბევრი ფეხბურთელი აიყვანოს. ნიდერლანდელი საკმაოდ უნივერსალური ფეხბურთელია.

კოუტინიოს რაც შეეხება, მას თავდაჯერება უნდა დაუბრუნდეს. მას შეუძლია დაგვეხმაროს, ნიჭიერი ფეხბურთელია და მან ეს უნდა გამოავლინოს. ფილიპეს შანსი ექნება და ძალიან მომწონს მისი თამაში.

ფრენკი დე იონგის შეუძლია გუნდს გამარჯვება მოუტანოს. მას შეუძლია გუნდს დაცვასა და შეტევაში ულიდეროს და როდესაც პრესინგში ვართ, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გუნდისთვის."

ჩავი ერნანდესმა ასევე გაამახვილა ყურადღება გულშემატკივრების ჩართულობაზე და აღნიშნა, რომ მათ მხარდაჭერას გუნდის შედეგზე გავლენა ექნება.

"გულშემატკივრები გვჭირდება. ისინი "კამპ ნოუზე" უნდა მოვიდნენ, რათა ბოლომდე დავიხარჯოთ. საჭიროა მათი მოსვლა, მხარდაჭერა, სიმღერა...ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ."

ლა ლიგის მე-14 ტურში ბარსელონური დერბი "ბარსელონას" და "ესპანიოლს" შორის 21 ნოემბერს 00:00 საათზე დაიწყება. ამჟამად "ბლაუგრანა" 17 ქულით მეცხრე ადგილზეა და ლიდერ "სოსიედადს" 11 ქულით ჩამორჩება. "ესპანიოლი" კი ასევე 17 ქულით მე-11 ადგილზეა.

0.11496