„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ თქვა, რომ მისი გუნდის შესახებ ხალხს მცდარი წარმოდგენა აქვს შექმნილი. როგორც არგენტინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ყველას მოლოდინია, რომ პსჟ თამაშებს 5:0-ს მოიგებს, მაგრამ ეს არ არის სწორი შეხედულება.
„ამ ბოლო დროს პსჟ-ს მატჩის წინ ყველა 5:0 გამარჯვებას ელოდა და თუ თამაშის დაწყებიდან 10 წუთში ჩვენს სასარგებლოდ ანგარიში 3:0 არ არის, ყველა ამბობს, რომ ეს იმედგაცრუებაა. მიმაჩნია, რომ ეს მცდარი წარმოდგენაა. არცერთ კლუბს არ მოეთხოვება ყოველთვის გამარჯვება. გარდა ამისა, გვყავს მეტოქე, რომელიც ასევე ისწრაფვის გამარჯვებისკენ და ართულებს ჩვენს ამოცანას.
როცა პსჟ-ში მიდიხარ, დრო სჭირდება არსებულ სტრუქტურასთან, ფეხბურთელებთან ადაპტაციას. კლუბს გამარჯვება სურს ჩემპიონთა ლიგაზე, ლიგა 1-სა და საფრანგეთის თასზე. თუმცა, შეცდომაა იმის თქმა, რომ ყველა მატჩი 5:0 უნდა მოვიგოთ“, - თქვა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, პსჟ ლიგა 1-ში 13 ტურის შემდეგ 34 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს და „ლანსს“ 10 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგაზე კი ოთხ ტურში 8 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში მეორე ადგილზეა.