კალათბურთი

12:57 | 19.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: სტეფ კარის რეკორდების წვიმა და ლიდერი "გოლდენ სტეიტ უორიორზი" (+VIDEO)

NBA-ში ფანტასტიკურ სეზონს ატარებს „გოლდენ სტეიტ უორიორზი“, რომელმაც 4 დღის წინ „ჰორნეტსთან“ განცდილი მარცხის შემდგომ, მიჯრით 2 შეხვედრა მოიგო. დასავლეთ კონფერენციის ლიდერი გუნდი „კლივლენდ კავალიერსს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის უმეტესი ნაწილი მდევრის როლში გაატარა, მაინც 15-ქულიანი სხვაობით მოიგო.

მეოთხე პერიოდის დასაწყისს ჯეი ბი ბიკერსტაფის გუნდი +10 ქულიანი ფორით შეხვდა, თუმცა, დასკვნითი 12-წუთეული 8:36 დათმო და ზედიზედ მესამე მატჩი წააგო - 89:104.

კვლავ საოცარი შეხვედრა ჩაატარა „გოლდენ სტეიტის“ ლიდერმა სტეფ კარიმ, რომელმაც 35:22 წუთში 40 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. 33 წლის გამთამაშებელმა 27-დან 15 სროლა გამოიყენა, მან 16-დან 9 სამქულიანი, 11-დან 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

ამ შედეგიანობით კარიმ რამდენიმე რეკორდი დაამყარა და მათ შორის ერთი საკუთარი რეკორდიც გააუმჯობესა. საქმე ის გახლავთ, რომ მიმდინარე სეზონში ამერიკელ კალათბურთელს 85 სამქულიანი დაუგროვდა და თავისივე მიღწევა გააუმჯობესა. სტეფმა 2018-2019 წლების სეზონში 80 სამქულიანი მიითვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ კარიმ 38-ე მატჩი ჩაატარა, რომელშიც მინიმუმ 9 სამქულიანი ზუსტად გამოიყენა და ლიგის რეკორდი მოხსნა, რომელიც ჯეიმს ჰარდენს და ლილარდს ეკუთვნოდა.

მეორე შედეგი „გოლდენიდან“ სერბ კალათბურთელ ნემანია ბელიცას ჰქონდა, რომელმაც 14 ქულასთან ერთად 3-3 მოხსნა-პასი მიითვალა.

დამარცხებულთა რიგებში ყველაზე შედეგიანი დარიუს გარლანდი იყო. მან საკუთარ გუნდს 25 ქულა, 1 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მოუტანა.

„გოლდენ სტეიტს“ 13 გამარჯვების წილ 2 მოგება აქვს და ლიდერია, მომდევნო შეხვედრას კი 20 ნოემბერს „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. „კლივლენდი“ კი 9 მოგებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 პოზიციაზეა და 23 ნოემბერს, შინ „ბრუკლინ ნეტსს“ შეხვდება.

რაც შეეხება დღის სხვა შეხვედრებს:

„მაიამი ჰიტი“ – „ვაშინგტონ ვიზარდსი“ – 112:97

„მემფის გრიზლი“ – „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ - 120:108

„მინესოტა“ – „სან ანტონიო სპურსი“ – 115:90

„დენვერ ნაგეტსი“ – „ფილადელფია“ 89:103

„იუტა ჯაზი“ – „ტორონტო რეპტორსი“ 119:103

0.114614