სხვა

12:10 | 19.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე პირველი მარცხი განიცადა (+VIDEO)

კიუშუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს პირველი მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი მე-14 მაეგაშირა ჩიიონოკუნის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით წააგო.

ტოჩინოშინმა ბრძოლა კარგად დაიწყო და თავდაპირველად უპირატესობაც მოიპოვა, თუმცა, შემდეგ წონასწორობა დაკარგა, რომლის გამოსწორებაც ერთხელ შეძლო, მაგრამ მალევე ანალოგიურ სიტუაციაში მოექცა და საბოლოოდ დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა.

ეს წყვილის მე-11 დაპირისპირება იყო და ურთიერთშეხვედრებში იაპონელმა მეტოქემ მეორე გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელი დაპირისპირების ლიდერად ტოჩი მოიაზრებოდა, მაგრამ, მოლოდინი არ გამართლდა.

ქართველ გოლიათს შემოდგომის მეორე სუპერტურნირზე 1 მოგების წილ 1 მარცხი აქვს და დარჩენილი 9 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 5 გამარჯვება მართებს. ლევანს საწყისი 4 ტური ტრავმის გამო გაუცდა და რთულ ვითარებაში იმყოფება, რადგან უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში, რანგით მეორე ჯურიო დივიზიონში დაქვეითდება.

ჩვენებური ხვალ მე-12 მაეგაშირა იშიურას შეხვდება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე 3 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს, ტოჩისთან ურთიერთშეხვედრებში კი ბალანსი ქართველის სასარგებლოდ 4:3-ზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118178