ჩოგბურთი

23:28 | 18.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მუგურუსა WTA-ს ფინალის ჩემპიონი გახდა

ესპანელმა გარბინე მუგურუსამ WTA-ს ფინალური ტურნირი მოიგო. მექსიკის გვადალახარაში გამართული ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მან ესტონელი ანეტ კონტავეიტი 6-3, 7-5 დაამარცხა.

შეხვედრის დასაწყისში ბრეიკების გაცვლის შემდეგ, მეექვსე ნომრად განთესილმა მუგურუსამ მეტოქის შევიწროება დაიწყო და მას მუდმივად თავდაცვას აიძულებდა. ამის პირველი შედეგი მეშვიდე გეიმში მიიღო, როცა ბრეიკის პირველივე შანსი ქულად აქცია და სეტში დაწინაურდა.

ესტონელმა პირველ სეტში ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა და პირველი მოწოდების დაახლოებით ნახევარი გააფუჭა. ის შეცდომებს გათამაშების დროსაც უშვებდა. კონტავეიტისთვის ეს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რის გამოც, ის ზედმეტად ნერვიულობდა. თუმცა, მეორე სეტში ნერვები მოთოკა და მეშვიდე გეიმში მეტოქის მოწოდება მოიგო. მაგრამ ეს ერთჯერადი გაელვება აღმოჩნდა. მუგურუსამ, ვინც დიდი სლემის ორი ტიტულის მფლობელია, მეათე გეიმში შეძლო საპასუხო ბრეიკის აღება. და იმდენი მოახერხა, რომ საქმე ტაიბრეიკამდეც არ მიუშვა.

მუგურუსას უპირატესობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მან საკუთარი პირველი მოწოდების 70 პროცენტი მოიგო. მე-12 გეიმში მან კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის მოწოდების მოგება და ამით შეხვედრასაც წერტილი დაუსვა.

„მახსოვს, როცა WTA-ს დრექტორმა სტივი საიმონმა აშშ-ის ღია პირველობაზე მითხრა, რომ შესაძლოა, ფინალი გვადალახარაში ჩატარებულიყო. მე გავოცდი და ვთქვი, ღმერთო ჩემო, აუცილებლად უნდა ვითამაშო იქ. დღეს კი ჩვენ აქ ვართ. ჩემთვის აქ თამაში ოცნების ასრულებაა“, - შეხვედრის შემდეგ განაცხადა მუგურუსამ.

ესპანელი ჩოგბურთელი WTA-ს ფინალში მეოთხედ გამოვიდა და პირველად შეძლო ფინალში გასვლა. ის პირველი ესპანელია, ვინც ბილი ჯინ კინგის სახელობის თასი ასწია. ამ გამარჯვებით, ის WTA-ს რეიტინგში მესამე საფეხურზე გადაინაცვლებს.

0.16455