სევილიის „ბეტისის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ხოაკინ სანჩესმა მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერის დასრულება დააანონსა. 40 წლის შემტევის თქმით, დროა წერტილი დასვას და ხელი ახალ საქმეს მოკიდოს.
„დროა შევჩერდე. მინდა, როგორც კი ფეხბურთიდან წავალ ახალი საქმე ვისწავლო“, - თქვა ხოაკინმა და შემდეგ იხუმრა:
„მინდა მეხანძრე გავხდე ან პორნო მსახიობი, მაგრამ არა მგონია ამ საქმეში მაღალ დონეზე მუშაობა შევძლო. სერიოზულად რომ ვთქვა, სიამოვნებით ვიქნებოდი მეხანძრე, ეს მშვენიერი პროფესიაა უნდა იგრძნო დიდი ადრენალინის მოზღვავება, როცა განგაშის სიგნალი ჩაირთვება“, - თქვა ხოაკინმა.
შეგახსენებთ, ხოაკინი „ბეტისში“ 2000-2006 წლებში თამაშობდა და მშობლიურ გუნდს 2015 წელს დაუბრუნდა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 11 თამაში ჩაატარა. ესპანელ ნახევარმცველს „ვალენსიაში“, „მალაგასა“ და „ფიორენტინაშიც“ უთამაშია, ესპანეთის ნაკრებში კი 2002-2007 წლებში 51 მატჩში 4 გოლი გაიტანა.