გლაზგო „რეინჯერსის“ მთავარ მწვრთნელად ჯოვანი ვან ბრონხორსტი დაინიშნა. ინფორმაცია შოტლანდიური გრანდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
უცნობია კონტრაქტის ვადა, რომელიც ნიდერლანდელმა კლუბთან გააფორმა. 46 წლის სპეციალისტი „რეინჯერსის“ ისტორიაში მე-17 მწვრთნელი გახდა და სტივენ ჯერარდი შეცვალა, რომელმაც ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ წასვლა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ჯერარდმა „რეინჯერსი“ გასულ სეზონში შოტლანდიის ჩემპიონი გახადა, ამდენად, თამასა უკვე საკმაოდ მაღლაა აწეული.
"მოხარული ვარ, რომ "რეინჯერსში" დავბრუნდი, როგორც კლუბის ახალი მენეჯერი. ძალიან გამიმართლა, რომ ვიმუშავებ გუნდთან, რომელიც ყველა ფრონტზე მაღალ დონეზე ასპარეზობს და აქვს გამარჯვების სურვილი“, - განაცხადა სპეციალისტმა.
ვან ბრონხორსტი ძალიან კარგად იცნობს „რეინჯერსს“, რადგან 1998-2001 წლებში ამ გუნდის მაისურით ირჯებოდა და 117 თამაშში 22 გოლიც გაიტანა. სამწვრთნელო კარიერა „მან „ფეიენოორდში“ დაიწყო (2015-2019) და ნიდერლანდების ჩემპიონობაც მოაგებინა, ბოლოს კი ჩინურ „გუანჟოუში“ მუშაობდა.