კალათბურთი

11:01 | 18.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: ანტეტოკუმპოს 47 ქულა და დაბრუნებული მიდლტონი - "მილუოკიმ" "ლეიკერსს" მოუგო (+VIDEO)

NBA-ში დღის ყველაზე გამორჩეული შეხვედრა „მილუოკი ბაქსსა“ და „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ შორის შედგა. მოქმედმა ჩემპიონმა ფრენკ ვოგელის გუნდს შანსი არ დაუტოვა და 7-ქულიანი სხვაობით 109:102 დაამარცხა. „ლეიკერსმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმო, ხოლო „ბაქსმა“ მიჯრით 2 წაგების შემდეგ მოიგო.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და პირველი პერიოდი ლოს ანჯელესელებმა 32:30 იმარჯვეს, თუმცა, მეორე მეოთხედში ბუდენჰოლცერის გუნდმა 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და მას შემდეგ ანგარიშში მხოლოდ 2-ჯერ ჩამორჩა.

47(!) ქულა ჩააგდო იანის ანტეტოკუმპომ. 26 წლის ბერძენ ფორვარდს 36:17 წუთში - 9 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარებაც ჰქონდა. მან 23 სროლიდან 18 გამოიყენა. 4-დან 3 სამქულიანი, 19-დან 15 ორქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მისი +- მაჩვენებელი 1-ს გაუტოლდა. აღსანიშნავია რომ 47 ქულა ანტეტოკუმპოსთვის კარიერის მეორე შედეგია. ყველაზე მეტი მან „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ მე-6 ფინალურ შეხვედრაში ჩააგდო, როდესაც 50 ქულა დააგროვა.

ეს იყო „ბაქსის“ მესამე შეხვედრა, როდესაც საუკეთესო სამეულმა ითამაშა. (ანტეტოკუმპო, მიდლტონი, ჰოლიდეი), რადგან COVID-19-ის გამო გამოტოვებული 2 კვირის მერე გუნდს კრის მიდლტონი სწორედ დღეს დაუბრუნდა. მან 16 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ამერიკელმა ფორვარდმა პარკეტზე 30 წუთი გაატარა და 6-დან 2 სამქულიანი, 4-დან 2 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მას 1051 სამქულიანი დაუგროვდა და ახლა უკვე "მილუოკის ყველა" დროის რეკორდსმენი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიდლტონი სამქულიანების რაოდენობით რეი ალენს გაუთანაბრდა.

„ლეიკერსიდან“ ყველაზე შედეგიანი ტალენ ჰორტონ-ტაკერი იყო. ახალგაზრდა გამთამაშებელმა 25 ქულით, 12 მოხსნით, 3 პასითა და 1 დაფარებით ორმაგი დუბლი შეასრულა. მისი კარიერული რეკორდი კი 28 ქულაა, რომელიც გასულ ტურში „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ ჩააგდო.

ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა რასელ ვესტბრუკს, მან 19 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა გამოიმუშავა, ხოლო ენტონი დევისმა საკუთარ გუნდს 18 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 4 პასი შესძინა.

კვლავ არ უთამაშია გუნდის ლიდერ ლებრონ ჯეიმსს. 36 წლის ფორვარდს უკვე მე-8 შეხვედრა გაუცდა. ხოლო „მილუოკის“ განაცხადში არ ყოფილა ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი.

„ლეიკერსს“ 8-8 მოგება-წაგება დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. ფრენკ ვოგელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 ნოემბერს, „ბოსტონ სელტიკსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს და ეცდება 2-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულოს. ხოლო „ბაქსს“ 7 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 პოზიციაზე იმყოფება. მოქმედი ჩემპიონი მომდევნო მატჩს შინ, 20 ნოემბერს, „ოკლაჰომასთან“გამართავს.

0.135319