ფეხბურთი

12:02 | 18.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი: "მანჩინიმ ნაკრებში უნდა გამომიძახოს და თურქეთიდან იტალიაში ფეხითაც დავბრუნდები"

თურქული „ადანა დემირპორის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი მზადაა იტალიის ნაკრებში დაბრუნდეს. ევროპის მოქმედი ჩემპიონი მუნდიალს მიღმა დარჩენის საფრთხის ქვეშაა და რობერტო მანჩინის გუნდის მთავარ პრობლემად ფორვარდის პოზიციას ასახელებენ.

31 წლის თავდამსხმელი კი ამბობს, რომ თუ მანჩინი მარტში მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფისთვის ნაკრებში გამოიძახებს, თურქეთიდან იტალიაში ფეხით დაბრუნდება.

„ბოლო ორწელიწადნახევრის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ. ეროვნულ ნაკრებში დასაბრუნებლად მზად ვარ. ეს სიზმარი იქნებოდა და მარტში თუ ნაკრებში გამომიძახებენ, თურქეთიდან იტალიაში ფეხითაც დავბრუნდები. მანჩინისთვის შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და ყოველთვის მქონდა. მან გარკვევით უნდა მითხრას, რასაც ელოდება ჩემგან, რომ ნაკრებში დავბრუნდე. თუ მე კარგ ფორმაში ვიქნები, რატომ არ უნდა დამირეკოს? „მარსელის“ შემდეგ ჩინეთში წასვლა შემეძლო. მე მანჩინის ვკითხე რას ფიქრობდა და მითხრა, რომ ეს სწორი არჩევანი არ იქნებოდა. ამიტომაც, მაშინ „ბრეშაში“ გადავედი“, - თქვა ბალოტელიმ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ბალოტელის თურქეთის ჩემპიონატში 10 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. მარიომ იტალიის ნაკრებში ბოლოს 2018 წელს ითამაშა, მთლიანობაში კი „სკუადრა აძურას“ მაისურით 36 შეხვედრაში თავი 14-ჯერ აქვს გამოჩენილი. აღსანიშნავია, რომ მოქმედ ფეხბურთელებში იტალიის ნაკრებში უფრო მეტი გოლი მხოლოდ ჩირო იმობილეს ანგარიშზეა (15), მაგრამ „ლაციოს“ ფორვარდს უფრო მეტი მატჩიც აქვს ჩატარებული.

ისიც გავიხსენოთ, რომ ბალოტელის პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტი სწორედ მანჩინის წყალობით ჰქონდა (2008 წელს „ინტერში“). ისინი შემდეგ ერთად „მანჩესტერ სიტიშიც“ მუშაობდნენ და იტალიის ნაკრებშიც ბოლო გოლი მანჩინის პერიოდში გაიტანა (2018 წლის ივნისში, საუდის არაბეთთან).

0.115648