WTA-ს ფინალის ჩემპიონის წოდებისთვის, ფინალში ერთმანეთს ესპანელი გარბინე მუგურუსა და ესტონელი ანეტ კონტავეიტი დაუპირისპირდებიან. პირველმა ნახევარფინალში თანამემამულე პაულა ბადოსა 6-3, 6-3 დაამარცხა, მეორემ კი ბერძენ მარია საკარის 6-1, 3-6, 6-3 მოუგო.
მუგურუსა და ბადოსა ერთმაენთს პირველად შეხვდნენ. მუგურუსამ თავიდანვე აგრესიულად ითამაშა და მეტოქეს მუდმივად თავდაცვას აიძულებდა. მუგურუსამ პირველ სეტში ორ ბრეიკს მიაღწია. ინდიან ველსის ჩემპიონმა ვერც მეორე სეტში შეძლო მეტოქის აგრესიის აღკვეთა.
მეორე სეტის მეორე გეიმში, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მუგურუსამ ისევ შეძლო მეტოქის მოწოდების მოგება. ბადოსამ მესამე გეიმშივე სცადა სიტუაციის გამოსწორება და სამი ბრეიკ პოინტი მიიღო, მაგრამ მუგურუსამ ყველა გაუქვითა და 3-0 დაწინაურდა. ბადოსამ მატჩ პოინტზე ბურთი კორტს გადააცილა და ამით შეხვედრა დასრულდა.
„ვფიქრობ, ეს გვადალახარაში ჩემ მიერ ნათამაშები საუკეთესო შეხვედრაა. ნახევარფინალში ჩემს თანამემამულესთან შეხვედრა იოლი არ ყოფილა. და მიხარია, რომ ის გამარჯვებით დავასრულე“, - განაცხადა მუგურუსამ.
კონტავეიტმა საკარისთან შეხვედრის პირველი სეტი 30 წუთში მოიგო და თითქოს, გამარჯვება არ უნდა გასჭირვებოდა. მაგრამ ბერძენმა, ვისაც ბელარუს არინა საბალენკასთან ბრძოლის შემდეგ, დაღლა ეტყობოდა, მეორე სეტში ესტონელის მოწოდებაზე გეიმის მოგება შეძლო და სეტებშიც ანგარიში გაათანაბრა.
მესამე სეტში, გადამწყვეტი გამოდგა მერვე გეიმი. კონტავეიტი 4-3 იგებდა და მოწოდებაზე საკარი იყო. გეიმი გაიწელა. ბრეიკ პოინტზე საკარიმ წაღმა დარტყმით ბურთი ბადეს მოარტყა და ესტონელმა ბრეიკს მიაღწია - 5-3.
მუგურუსა, ვისაც დიდი სლემის ორი ტიტული აქვს მოპოვებული. WTA-ს ფინალურ ტურნირზე მეოთხედ თამაშობს და ჩემპიონობისთვის პირველად იბრძოლებს. რაც შეეხება კონტავეიტს, ის ამ ტურნირზეც პირველადაა და ეს მის კარიერაში ყველაზე გამორჩეული თამაში იქნება.