ჩოგბურთი

4:04 | 17.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ავსტრალიის ღიაზე ალბათ ვერ ითამაშებს

როჯერ ფედერერი ყველანაირად ცდილობს კორტზე დაბრუნებას, მაგრამ დიდი ალბათობით, ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს ვერ შეძლებს, - ამბობს მისი ხორვატი მწვრთნელი, წარსულში ასევე ჩოგბურთელი ივან ლიუბიჩიჩი.

დიდი სლემის 20 ტიტულის მფლობელს მას შემდეგ არ უთამაშია, რაც უიმბლდონის მეოთხედფინალში წააგო. შემდეგ კი მუხლზე მორიგი, უკვე მესამე ოპერაცია გაიკეთა. ლიუბიჩიჩი ამბობს, რომ მელბურნის დიდი ტურნირისთვის ფედერერის დაბრუნების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.

„ვფიქრობ, ამის მცირე შანსია. ის ჯერაც გამოჯანმრთელების პროცესშია. მე მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ სურს, 100 პროცენტით მზად იყოს და ტურნირის მოსაგებად თამაში შეძლოს. ამიტომ ვფიქრობ, ავსტრალიის ღიაზე მისი გამოსვლა შეუძლებელი იქნება. ის ახლა 40 წლისაა და მოთმინება სჭირდება. ისე ჩქარა ვერ მოშუშდება, როგორც მიჩვეული იყო“, - ყვება ლიუბიჩიჩი.

დიდი სლემის მოპოვებული ტიტულების რაოდენობით, ფედერერის ტოლად არიან რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი. სამივეს ანგარიშზე 20-20 ტიტულია. ავსტრალიის ღიას ოარგანიზატორებს სურთ, რომ მელბურნის კორტებზე სამივე იხილონ.

ნადალს ფედერერის მსგავსად ტრავმა აქვს, მაგრამ ის ამბობს, რომ ავსტრალიაში თამაშს აპირებს. ჯოკოვიჩის საქმე კი ჯერ გარკვეული არ არის. ის ამბობს, რომ თავის გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც ტენის ავსტრალია პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებულ შეზღუდვებს გამოაქვეყნებს.

ლიუბიჩიჩი დასძენს, რომ ფედერერი ჯერ კარიერის დასრულებას არ აპირებს: „ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და გარანტიას ვიძლევი, მას ჩოგბურთის თამაშის გაგრძელება სურს. როცა წასვლას გადაწყვეტს, წავა. და არ მგონია, ეს მოულოდნელად მოხდეს“.

0.118773