ჩოგბურთი

2:52 | 17.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

საკარიმ საბალენკა დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

ბერძენმა მარია საკარიმ WTA-ს ფინალის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ბელარუს არინა საბალენკას 7-6(1), 6-7(6), 6-3 მოუგო და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. იქ მისი მეტოქე, კარგ ფორმაში მყოფი ესტონელი ანეტ კონტავეიტი იქნება.

პირველ სეტში საბალენკა ბრეიკით წინ იყო, მაგრამ საკარიმ ჩამორჩენის გაქვითვა შეძლო, ტაიბრეიკზე კი მეტოქე სამი ეისით დაბომბა და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

არანაკლებ დაძაბული გამოდგა მეორე სეტი. საქმე აქაც ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც საბალენკამ მეოთხე სეტ პოინტი მძლავრი წაღმა დარტყმით (ფორჰენდით) მოიგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტ სეტში საკარის უფრო მეტი ენერგია შემორჩა და უპირატესობასაც მიაღწია. ბოლოს კი, მატჩ პოინტზე, საბალენკამ შეცდომა დაუშვა (სამ სეტში სულ 19 შეცდომა ჰქონდა) და ამით შეხვედრაც დასრულდა.

„ორივესთვის თავბრუდამხვევი თამაში იყო. ხან მე ვიყავი ბრეიკით წინ, ხან ის. ის მოიგებდა, ვინც შანსებს უკეთ გამოიყენებდა. ვფიქრობ, ბოლოს მე უკეთ ვიბრძოდი და ამისთვის ჯილდოც მივიღე“, - განაცხადა საკარიმ, ვისაც საბალენკასთან წინა ოთხი შეხვედრა წაგებული ჰქონდა.

0.119352