ფეხბურთი

0:20 | 17.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ვიქნებით, ამბიცია გვექნება"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ინგლისის 21-წლამდე ნაკრებთან გამარჯვების (3:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა და განსაკუთრებით, ასეთი დონის მეტოქესთან.

როგორც სვანაძემ აღნიშნა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მიზნები და ამბიცია ექნება.

"გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ-ერთ გრანდს ამარცხებ, გუნდს, რომელსაც ინგლისის პრემიერ ლიგის ბევრი ფეხბურთელი ჰყავს შემადგენლობაში - ეს ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს გამარჯვება და სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს მსურს მადლობა ვუთხრა იმ მხარდაჭერისთვის, რაც მთელი 90 წუთი ასე იგრძნობოდა ტრიბუნებიდან.

აქვე აღვნიშნავ, რომ ეს საწყისი ეტაპია - ამ თამაშით დასრულდა ევრო 2023-ისთვის მოსამზადებელი პროცესის პირველი წელი და კარგია, რომ გამარჯვებით დავასრულეთ, ვეცდებით, რომ ასევე გავაგრძელოთ. განვლილი პერიოდიდან გამომდინარე, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, არ იქნება ის გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად გამოვა. ჩვენც გვექნება ჩვენი მიზნები, ჩვენი ამბიცია და ჩვენც ვეცდებით ჩვენსას, დანარჩენი უკვე შემდგომ სალაპარაკოა", - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2023-ის შესარჩევი ეტაპისგან თავისუფალია, რადგან ფინალური ეტაპის თანამასპინძელია რუმინეთთან ერთად. აქვე გეტყვით, რომ საქართელოს 21-წლამდე ნაკრებმა ბოლო ხუთი მატჩიდან 4 მოიგო (აზერბაიჯანთან, სლოვაკეთთან, ბელარუსთან, ინგლისთან) და ერთხელ ფრე ითამაშა (რუმინეთთან).

0.113997