იტალიის ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გუნდში რაღაც შეიცვალა და მაშინდელივით აღმაფრენით თამაშს ვერ ახერხებენ.
„ენერგია უნდა აღვიდგინოთ, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური, რათა თავიდან აღმოვაჩინოთ ჩვენს თავში თამაშისგან სიამოვნების მიღების სურვილი, რაც ევროპის ჩემპიონატის დროს გვქონდა. ფეხბურთს სიხარულით ვთამაშობდით და არა ზეწოლის ქვეშ. შესაძლოა, ევრო 2020-ზე გამარჯვებამ ქვეცნობიერად რაღაც შეცვალა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ცხოვრება გაგვირთულდა და სამწუხაროა. შვეიცარიას ვულოცავ, რადგან ისინი გავიდნენ ჯგუფიდან იმის ფონზე, როცა ყველაფერი ჩვენს ხელში იყო. ჩვენ კი, თუ მოვახერხებთ ევრო 2020-ის სულისკვეთების დაბრუნებას, პლეი-ოფში წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. ახლა მხოლოდ მარტზე ვფიქრობთ, სხვა არაფრის გაკეთება შეგვიძლია. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვექნება და შემდეგ იმედი მაქვს, რომ სამ დღეში მეორე შეხვედრასაც ჩავატარებთ", - თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი კარგად დაიწყო, ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, თუმცა ეს იყო მარტში, ევრო 2020-მდე, ხოლო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ „სკუადრა აძურას“ შედეგები მნიშვნელოვნად გაუარესდა - 5 თამაში, 1 მოგება და 4 ფრე. საბოლოოდ, იტალია შვეიცარიას 2 ქულით ჩამორჩა და მარტში ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს. აპენინელებმა 2018 წლის მუნდიალი სწორედ პლეი-ოფში მარცხის გამო გამოტოვეს, ზედიზედ ორი მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა კი არასდროს დარჩენილან.