ფეხბურთი

10:57 | 16.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "გადამწყვეტი როლი ჩვენი ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მზადყოფნას ექნება"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დღეს ბათუმში ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. მატჩის წინ კომენტარი მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელმა ბექა დარცმელიამ გააკეთეს.

რამაზ სვანაძე: "რთული თამაში გველის, თუმცა ამავდროულად საინტერესო. ბათუმის ახალ სტადიონზე, პირველ მატჩს ჩავატარებთ და მხარდაჭერის იმედი მაქვს, ვეცდებით, რომ სტადიონზე მოსული გულშემატკივარი გავახაროთ, ასევე ჩვენი თანამოქალაქეების ის ნაწილი, ვინც ტელევიზიით შეხედავს მატჩს.

ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის ძალიან საინტერესო შეხვედრაა, დანარჩენი ხვალ მოედანზე გამოჩნდება. წლის შემაჯამებელი მატჩის წინ, გადამწყვეტი როლი ექნება ჩვენი ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მზადყოფნას და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ამ მხრივ გუნდში სიტუაცია ძალიან კარგად იყოს".

ბექა დარცმელია: "10-დღიანი შეკრება გავიარეთ, სავარჯიშო პროცესი საინტერესო გამოდგა, ყველა ფეხბურთელმა იცის მოედანზე საკუთარი როლის და მიზნების შესახებ. ჩვენთვის დიდი გამოცდა იქნება ინგლისის დონის გუნდთან თამაში, რეალურად დავინახავთ რა შეგვიძლია. ამ გამოცდილებას, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის გამოვიყენებთ, სადაც მსგავსი დონის გუნდებთან აუცილებლად მოგვიწევს თამაში".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2023-ის ფინალური ეტაპისთვის ემზადება, რომლის შესარჩევი ეტაპისგან თავისუფალია, რადგან რუმინეთთან ერთად ტურნირის თანამასპინძელია. აქვე გეტყვით, რომ საქართველოსა და ინგლისის მატჩი 18:00 საათზე გაიმართება.

0.108489