ფეხბურთი

0:53 | 16.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვი: "რთულია სადებიუტო გოლის ემოციების სიტყვებით გადმოცემა"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრაში უზბეკეთს დავით ვოლკოვის გოლით 1:0 მოუგო. მატჩის შემდეგ სწორედ ვოლკოვმა კომენტარი გააკეთა.

ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, 2021 წლის დადებითად დასრულება კარგია და სადებიუტო გოლით ბედნიერია:

"ყველას ვულოცავ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვიყავი, როდესაც ნაკრებში გამომიძახეს და ყველანაირად ვცდილობდი ჩემი შანსი გამომეყენებინა. ძალიან გამიხარდა, სასტარტო შემადგენლობაში დაწყება. რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რომელიც ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილ გოლს ახლავს თან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდმა ჩემი გოლით მოიპოვა გამარჯვება. წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ნაკრებს. მიხარია, რომ წელი დადებითად დავასრულეთ", - თქვა ვოლკოვმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი ზედიზედ სამი გამარჯვებით დაასრულა. უზბეკეთამდე ვილი სანიოლის გუნდმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვოს სტუმრად თორნიკე ოქრიაშვილისა და ზურიკო დავითაშვილის გოლებით (2:1) აჯობა, ხოლო შემდეგ ბათუმში, ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით შვედეთს 2:0 მოუგო.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2022 წლის მარტში ჩაატარებს, მაგრამ ჯერჯერობით, მეტოქის ვინაობა უცნობია. აქვე ვთქვათ, რომ ივნისში ერთა ლიგის ახალი სეზონი დაიწყება, ჯგუფური ეტაპის წილისყრა კი 16 დეკემბერს გაიმართება და საქართველოს ნაკრები C დივიზიონში იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106335