საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრაში უზბეკეთს დავით ვოლკოვის გოლით 1:0 მოუგო. მატჩის შემდეგ თამაში გურამ კაშიამ შეაფასა.
ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, ზედიზედ სამი მოგება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და გუნდმა ახალი სისტემაც იპოვა.
"ბოლო სამი თამაში, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმ ოპტიმიზმს, რომ შემდეგი ციკლისთვის უკეთესად ვითამაშოთ. სათამაშო ხარისხი გავაუმჯობესეთ, ახალი სისტემაც ვიპოვეთ, რომელიც კომფორტულია ფეხბურთელებისთვისაც და მწვრთნელებისთვისაც. ფეხბურთელებს ყოველთვის გვიხარია და მოტივირებული ვართ ნაკრებში ჩამოსვლისას", - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი ზედიზედ სამი გამარჯვებით დაასრულა. უზბეკეთამდე ვილი სანიოლის გუნდმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვოს სტუმრად თორნიკე ოქრიაშვილისა და ზურიკო დავითაშვილის გოლებით (2:1) აჯობა, ხოლო შემდეგ ბათუმში, ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით შვედეთს 2:0 მოუგო.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2022 წლის მარტში ჩაატარებს, მაგრამ ჯერჯერობით, მეტოქის ვინაობა უცნობია. აქვე ვთქვათ, რომ ივნისში ერთა ლიგის ახალი სეზონი დაიწყება, ჯგუფური ეტაპის წილისყრა კი 16 დეკემბერს გაიმართება და საქართველოს ნაკრები C დივიზიონში იასპარეზებს.