ფეხბურთი

23:54 | 15.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია: "ზედიზედ სამი მოგება კარგია და იმედია, ეს განწყობა მეტი მოტივაციით თამაშში დაგვეხმარება"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრაში უზბეკეთს დავით ვოლკოვის გოლით 1:0 მოუგო. მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.

ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, წელი დადებით ნოტაზე დაასრულეს, რაც მომდევნო მატჩებში გუნდს დაეხმარება და იმედოვნებს, რომ მოტივაციასაც გაზრდის.

"დადებითად შევაფასებ ნაკრების თამაშს, ჩემი აზრით, ზედიზედ სამი მოგება ძალიან კარგი შედეგია. მნიშვნელობა არ აქვს ამხანაგური თამაში იქნება თუ ოფიციალური, ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, ამ თამაშშიც ვაჯობეთ მეტოქეს და გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან კარგია, რომ ეს წელი დადებით ნოტაზე დავასრულეთ. იმედი მაქვს, მომავალ წელსაც გაგვყვება ეს განწყობა და დაგვეხმარება, რომ მეტი მოტივაციით ვითამაშოთ", - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი ზედიზედ სამი გამარჯვებით დაასრულა. უზბეკეთამდე ვილი სანიოლის გუნდმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვოს სტუმრად თორნიკე ოქრიაშვილისა და ზურიკო დავითაშვილის გოლებით (2:1) აჯობა, ხოლო შემდეგ ბათუმში, ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით შვედეთს 2:0 მოუგო.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2022 წლის მარტში ჩაატარებს, მაგრამ ჯერჯერობით, მეტოქის ვინაობა უცნობია. აქვე ვთქვათ, რომ ივნისში ერთა ლიგის ახალი სეზონი დაიწყება, ჯგუფური ეტაპის წილისყრა კი 16 დეკემბერს გაიმართება და საქართველოს ნაკრები C დივიზიონში იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112703