ფეხბურთი

20:36 | 15.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "მიმდინარე წელს საერთო ჯამში დადებითი უფრო მეტი იყო, ვიდრე უარყოფითი"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა წლის ბოლო შეხვედრაში უზბეკეთთან გამარჯვების (1:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, გუნდს პირველ ტაიმში უკეთ თამაში შეეძლო, მაგრამ ბოლო თამაშიდან დაღლილობამ თავი იჩინა.

"არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო. ამხანაგურ მატჩებში მე ძირითად ყურადღებას ვაქცევ იმას, თუ როგორ ვთამაშობთ და არა ნაჩვენებ შედეგს, მაგრამ ეს წლის ბოლო შეხვედრა იყო და მნიშვნელოვანი იყო, რომ სანაკრებო პაუზა კარგ განწყობაზე დაგვესრულებინა. რამდენიმეთვიანი პაუზა გვექნება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო წელი დადებით ნოტაზე დაგვესრულებინა. პირველ ტაიმში შეგვეძლო უკეთესად თამაშიც, იყო მომენტები, როცა უფრო მეტად მობილიზებულებიც უნდა ვყოფილიყავით. თუმცა, შვედეთთან მატჩის შემდეგ გავლენა დაღლილობამაც იქონია და მთავარია, რომ შედეგს მივაღწიეთ.

ჩაკვეტაძეს ტრავმა აწუხებდა და ამიტომ არ იყო ჩვენთან. მასთან საუბარი მქონდა. ტრავმა აწუხებდა, სამედიცინო შტაბმა შეამოწმა იყო თუ არა, რაიმე სერიოზულად, მაგრამ შემოწმების შემდეგ მან დატოვა შეკრება და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ გვყავს მეტოქედ, ერთი ფორვარდი გვჭირდება თუ ორი. შვედეთთან ვოლკოვის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, დღეს გოლიც გაიტანა და თავდაჯერებაში დაეხმარება. კიდევ უფრო მაღალ დონეზე თამაშისთვის მას სჭირდება ჩვენთან უფრო ხშირად ყოფნა. მან ასევე დაინახა, რომ სანაკრებო დონეზე სათამაშოდ უფრო მეტია საჭირო, ეს განსაკუთრებით მის მოედანზე მოძრაობას შეეხება. ვოლკოვმა ბევრი უნდა იმუშაოს, ითამაშოს და უფრო მეტად თავდაჯერებული გახდეს.

მარტამდე საკმაოდ დიდი შუალედია, თუმცა ეს ნიშნავს, რომ მატჩების არქონის მიუხედავად არ ვიმუშავებთ. ბევრი მიმართულებით ვიმუშავებთ, ამ პერიოდს გამოვიყენებთ, ტაქტიკურ ასპექტზე მუშაობისთვის, ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად, ყოველთვის საინტერესო ფეხბურთელებთან კომუნიკაცია, როცა ისინი კლუბებში იმყოფებიან. თავისთავად ამ პერიოდში თბილისშიც ვიქნებით. ნაკრებში პრობლემა ყოველთვის არსებობს, ახლა მარტამდე პაუზაა და ფეხბურთელები 4-5 თვე არ ჩამოვლენ, მაგრამ, როცა მარტში დაბრუნებიან, მინდა იგივე დონე აჩვენონ, როგორიც იყო კოსოვოსთან, შვედეთთან ან დღეს.

იყო რამდენიმე კარგი ეპიზოდი საქართველოს ნაკრებში. ყველას გვახსოვს სექტემბერში ნაჩვენები თამაში და სექტემბრისთვის მრცხვენია, მაგრამ საერთო ჯამში მიმდინარე წელს დადებითი უფრო მეტი იყო, ვიდრე უარყოფითი. ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ და ვეცადოთ, რომ სექტემბრის მსგავსი მატჩები აღარ განმეორდეს. თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული როგორი გარემო იქნება მარტში, რომ ფეხბურთელებმა მარტშიც ისე კარგად წარმოაჩინონ საკუთარი თავი, როგორც ბოლო შეხვედრებში. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ზედიზედ სამი გამარჯვება არაფერს ცვლის, ახლა ყველაფერი უფრო რთული იქნება და მეტი მუშაობა გახდება საჭირო. მომავალ შეკრებამდე დაახლოებით ოთხი თვეა დარჩენილი, ეს საკმაოდ დიდი პერიოდია და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ის დონე შევინარჩუნოთ, რაც ბოლო მატჩებში ვაჩვენეთ.

ბორდოში ვცხოვრობ, კლუბთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თუმცა, ყველაზე მთავარია, ხვიჩამ გააკეთოს ის, რაც მის კარიერას სჭირდება. დღევანდელი თამაში ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს მისი პერფორმანსი. პირველი 10 წუთი და ბოლო 15 წუთი. სწორედ ბოლო 15 წუთია ის თამაში, რისი ნახვაც ქართველ ქომაგს სურს და ამიტომ დისბალანსის მოძებნაა საჭირო და მომავალში უკეთესი პერსპექტივა აუცილებლად ექნება.

შვედეთთან მატჩში ჩემი პირადი გადაწყვეტილებით არ ითამაშა ჯაბა კანკავამ, რადგან კოსოვოში კვეკვესკირი-გვილიას წყვილმა კარგად ითამაშა და არ შევცვალე. დღეს კი ოჯახური მიზეზით ვერ ითამაშა, ჩვენ მას მხარში ვუდგავართ და ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჩვენთან ერთად არ იმყოფებოდა“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი ზედიზედ სამი გამარჯვებით დაასრულა. უზბეკეთამდე ვილი სანიოლის გუნდმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვოს სტუმრად თორნიკე ოქრიაშვილისა და ზურიკო დავითაშვილის გოლებით (2:1) აჯობა, ხოლო შემდეგ ბათუმში, ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით შვედეთს 2:0 მოუგო.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2022 წლის მარტში ჩაატარებს, მაგრამ ჯერჯერობით, მეტოქის ვინაობა უცნობია. აქვე ვთქვათ, რომ ივნისში ერთა ლიგის ახალი სეზონი დაიწყება, ჯგუფური ეტაპის წილისყრა კი 16 დეკემბერს გაიმართება და საქართველოს ნაკრები C დივიზიონში იასპარეზებს.

0.124333