ფეხბურთი

21:12 | 15.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: "კარგი ფეხბურთელობა არ ნიშნავს იმას, რომ ასეთივე მწვრთნელი გახდები"

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ ის მზადაა რთული გამოწვევებისთვის წნეხში მუშაობას 18 წლიდან მიჩვეულია.

ინგლისელმა ისიც თქვა, რომ კარგი ფეხბურთელობა არ არის კარგი მწვრთნელობის გარანტი და ყველაფრის თავიდან დაწყებაა საჭირო.

„არა მგონია, რომ „ასტონ ვილას“ რაიმე სახის რეკლამა სჭირდებოდეს. ეს არის კლუბი, რომელსაც სამართლიანად აქვს ლეგენდარული სტატუსი და მოუთმენლად ველოდები მუშაობის დაწყებას და იმას, რომ მისი ისტორიის ნაწილი გავხდე.

ის ფაქტი, რომ ვიღაც, როგორც ფეხბურთელი წარმატებულია, როგორც მოთამაშე, არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად კარგი მწვრთნელი გახდები. ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო, გამოწვევა მიიღო, მაგრამ ეს ზუსტად ის არის, რაც მომწონს - ახალი თავგადასავლები, რისკი და ვნება.

ამავდროულად მშვენივრად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას და მოლოდინებს, რაც ჩემს მიმართაა, რადგან ჩვეულებრივ გუნდში არ მივსულვარ, თუმცა უკვე მაქვს ლეგენდარულ კლუბში მუშაობის გამოცდილება - „რეინჯერსში“. ამიტომ, ვიცი, რა მელოდება. არ მეშინია სირთულეების. ამით ვცხოვრობ, 17-18 წლიდან წნეხს განვიცდი. უბრალოდ საჭიროა ყველა გავერთიანდეთ და ერთად ვიმუშაოთ საერთო მიზნისთვის“, - თქვა ჯერარდმა.

შეგახსენებთ, „ასტონ ვილა“ ინგლისის პრემიერლიგაში 11 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-16 ადგილზეა. სტივენ ჯერარდმა სამწვრთნელო კარიერა 2018 წელს დაიწყო, „გლაზგო რეინჯერსში“, რომელსაც გასულ სეზონში შოტლანდიის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა.

0.059985