ფეხბურთი

19:55 | 15.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვოლკოვის გამარჯვების გოლი და საქართველოს ნაკრების ზედიზედ მესამე მოგება

საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა და უზბეკეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დავით ვოლკოვის ერთადერთი გოლით მოუგო, რითაც ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

პირველი ტაიმი ძირითადად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საგოლე მომენტები ბევრი არ შექმნილა. 25-ე წუთზე ოთარ კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ ერთი შეხებით ზურიკო დავითაშვილმა ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ მეკარემ კარგად ითამაშა და ბურთი მოიგერია. სულ მალე უზბეკებმა მოიპოვეს ტერიტორიული უპირატესობა და საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყეს. ტაიმის ბოლოს კი საქართველოს ნაკრები დაწინაურდა.

მე-40 წუთზე მარჯვენა ფლანგზე დავითაშვილმა იაქტიურა, მცველს დაუსხლტდა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც შესანიშნავად გაისარჯა დავით ვოლკოვი, რომელმაც ნახტომში მცველს დაასწრო და თავით ანგარიში გახსნა. ვოლკოვმა მეორედ ითამაშა ეროვნულ ნაკრებში, პირველად ძირითადში და სადებიუტო გოლიც გაიტანა.

მეორე ტაიმში თამაშში თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი წიტაიშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ჩაერთვნენ, თუმცა საგოლე მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. 83-ე წუთზე კი კვარაცხელია ძალიან ახლოს იყო სუპერგოლთან. დაახლოებით 25 მეტრიდან გაისროლა და უზბეკეთის კარი ხარიხამ გადაარჩინა. ერთ წუთში გუნდები მოედანზე კაცნაკლულები დარჩნენ. ირაკლი აზაროვმა და საიფიევმა იჩხუბეს და მსაჯმა მოედანი ორივეს დაატოვებინა.

დარჩენილ დროში გოლის გატანა ისევ ხვიჩას შეეძლო, თანაც ორჯერ. ჯერ საჯარიმოში კარგად შევიდა, ხელსაყრელ პოზიციაშიც იყო, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა, მერე კი უკვე მეკარემ აჯობა. დარჩენილ დროში ლაზარე კუპატაძემ ერთხელ შეძლო თავისი გუნდის გადარჩენა და მეტი არაფერი მომხდარა - 1:0.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი ზედიზედ სამი გამარჯვებით დაასრულა. უზბეკეთამდე ვილი სანიოლის გუნდმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვოს სტუმრად თორნიკე ოქრიაშვილისა და ზურიკო დავითაშვილის გოლებით (2:1) აჯობა, ხოლო შემდეგ ბათუმში, ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით შვედეთს 2:0 მოუგო.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2022 წლის მარტში ჩაატარებს, მაგრამ ჯერჯერობით, მეტოქის ვინაობა უცნობია. აქვე ვთქვათ, რომ ივნისში ერთა ლიგის ახალი სეზონი დაიწყება, ჯგუფური ეტაპის წილისყრა კი 16 დეკემბერს გაიმართება და საქართველოს ნაკრები C დივიზიონში იასპარეზებს.

საქართველო - უზბეკეთი 1:0 (1:0)

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

საქართველო (3-4-2-1): კუპატაძე; კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა; ლობჟანიძე (გიორბელიძე 86), გვილია (აბურჯანია 71), კვეკვესკირი, აზაროვი; დავითაშვილი (ოქრიაშვილი 60), ყაზაიშვილი (კვარაცხელია 61); ვოლკოვი (წიტაიშვილი 71)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

უზბეკეთი (4-2-3-1): იუსუპოვი; აბდულაიევი, ხაშიმოვი (იულდოშევი 46), საიფიევი, კობილოვი; ხამდამოვი (ერკინოვი 64), ალიბაევი (განიევი 46); ხამრობეკოვი, აშარიპოვი, შუკუროვი; შომუროდოვი (სერგეევი 79)

მწვრთნელი: სრეჩკო კატანეცი

გოლი: 1:0 ვოლკოვი (40)

გაფრთხილება: კაშია (59) - შუკუროვი (82)

გაძევება: აზაროვი (84) - საიფიევი (84)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 9 (2) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: ვიტალი რომანოვი (უკრაინა)

0.129383