„დუკატის“ ფრანჩესკო ბანიაიას გამარჯვებით დასრულდა მოტო გრანპრის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპი, ვალენსიას დიდი პრიზი, რომლის შემდეგაც, მოტომრბოლის კარიერა დაასრულა მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა ვალენტინო როსიმ.
ესპანელმა ახალბედა ხორხე მარტინმა სტარტი პოულიდან აიღო და დაწინაურდა, მაგრამ ფინიშამდე 13 წრით ადრე, მას ბანიაიამ გაასწრო, რომელმაც ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა. მარტინმა მეორე გამარჯვება ვერ მოიპოვა და მეორე ადგილს დასჯერდა. მესამე ადგილი კი ავსტრალიელმა ჯეკ მილერმა დაიკავა.
„ეს გამარჯვება ვალენტინოს ეძღვნება, ვისიც ძალიან მადლიერი ვარ, რადგან მან ჩემთვის აკადემიაში ბევრი რამ გააკეთა. რბოლის დაწყებამდე ვერ ვიფიქრებდი, რომ აქ მოგება შემეძლო. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფები ვიყავით. ეს სეზონის დასრულების საუკეთესო ვარიანტი იყო“, - განაცხადა ბანიაიამ, ვინც როსის მრბოლთა აკადემია VR46-ის კურსდამთავრებულია.
მან და მილერმა „დუკატის“ გუნდურ ჩემპიონატში გაამარჯვებინეს, მრბოლთა შორის ჩემპიონი კი ფრანგი ფაბიო კვარტარარო (იამაჰა) გახდა, ვინც ვალენსიაში მეხუთე ადგილს დასჯერდა. „სუზუკის“ ესპანელმა ხოან მირმა, ვინც ჩემპიონი შარშან გახდა, რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.
42 წლის როსიმ, ვისაც მოტო გრანპრის სერიის ჩემპიონის შვიდი ტიტული აქვს მოპოვებული, რამდენიმე სწრაფი წრე გაიარა, მაგრამ ტემპის შენარჩუნება ვერ შეძლო და საბოლოოდ, მე-10 ადგილს დასჯერდა. ამიერიდან, ის კარიერის ავტო რბოლებში გაგრძელებას აპირებს.
გაცილების ცერემონიაზე, ეკრანზე როსისთვის სხვადასხვა სფეროს ვარსკვლავების მიერ გაგზავნილი ვიდეო მილოცვის მესიჯები უჩვენეს. მათ შორის, ჩოგბურთის ვეტერანი ვარსკვლავების, როჯერ ფედერერის და რაფაელ ნადალისგან, ასევე ჰოლივუდის ვარსკვლავების, ტომ კრუზის, კრის ჰემსუორტის და კეანუ რივზისგან. ილ დოტორე ერთადერთი მოტომრბოლია, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები 125, 250 და 500 კლასებში, ასევე მოტო გრანპრიში აქვს მოპოვებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია