რაგბი

23:34 | 14.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "შეიძლებოდა სხვაობა ბევრად ნაკლები ყოფილიყო და კმაყოფილი არ ვარ"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩში 15:41 წააგო. ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რიგ ეპიზოდებში გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა, შედეგით კი არა:

„რეალობა ისაა, რომ შეიძლებოდა სხვაობა ბევრად ნაკლები ყოფილიყო და კმაყოფილი არ ვარ. თამაში ჩვენთვის ცუდი სცენარით დაიწყო. ერთ ტაიმში ორი ყვითელი ბარათი, მით უმეტეს ასეთი დონის მეტოქესთან, გუნდს ანგრევს. მსაჯების კრიტიკა არ მჩვევია, თუმცა ორივე ყვითელი ჩემი აზრით საკამათო სიტუაციაში მოგვცა. ამან აგვრია, მაგრამ მეორე ტაიმში შევძელით დაბრუნება და ვთვლი რომ ორი ძალიან კარგი ლელო დავდეთ“.

„მთელი რიგი ეპიზოდებით, როგორც დაცვაში ასევე შეტევაში, კმაყოფილი ვარ. იყო მომენტები, როდესაც გეგმას მივყვებოდით, მაგრამ რეალობა ისაა, რომ დღესდღეისობით საფრანგეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ლოგიკურია, რომ თამაში მათი გამარჯვებით დასრულდა“.

ბორჯღალოსნებმა მეორე ტაიმი პირველზე უკეთ ჩაატარეს, ორი ლელო გაიტანეს და მეტოქეს მხოლოდ 5 ქულით (მეორე ტაიმში) ჩამორჩნენ:

„ბიჭებს ვუთხარი, რომ ხელების ჩამოშვების საფუძველი არ ქონდათ და ბრძოლაში უნდა დარჩენილიყვნენ, რაც გააკეთეს კიდეც. სამწუხაროდ, ორი ისეთი ლელო გავუშვით, რომელიც არ უნდა გაგვეშვა. ფრანგები მოლში მოგვაწვნენ და ამ კომპონენტით ქულები აიღეს, თუმცა იყო ეპიზოდები, როდესაც მათი შეჩერება მოვახერხეთ. საფრანგეთი ძალიან გამოცდილი, მძიმე გუნდია და ლოგიკურიცაა მოლში მათი კარგი თამაში. ჩვენ ამ კუთხით ვმუშაობთ და ნელ-ნელა, მაგრამ წინ მივიწევთ“ – ამბობს მაისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 20 ნოემბერს, ესპანეთში, ფიჯის ნაკრებთან ჩაატარებს.

RUGBY.GE

2.172802