საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბორდოში, საფრანგეთის ნაკრებთან ტესტ-მატჩი ჩაატარა და დიდი გამოცდილება მიიღო.
ლევან მაისაშვილის გუნდი დამარცხდა, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის დალელოვება ორჯერ მოახერხა. 23-ე წუთამდე ანგარიში 3:3 იყო, როცა გუნდებმა თითო ჯარიმა გაცვალეს. თუმცა, მე-14 და 23-ე წუთებზე „ბორჯღალოსნებს“ ორი მორაგბე 10-10 წუთით გაუსინბინეს. ჯერ თედო აბჟანდაძე და მერე ბექა საღინაძე. სწორედ რიცხობრივ უპირატესობაში ფრანგებმა ისარგებლეს და მაშინ მიაღწიეს გარდამტეხ უპირატესობას.
შედეგად, პირველი ტაიმი საფრანგეთის ნაკრებმა 24:3 მოიგო და მატჩის ბედიც პრაქტიკულად იქვე გადაწყდა. მეორე ნახევარში, როცა მოედანზე რიცხობრივი თანაფარდობა იყო, საქართველოს ნაკრები გაცილებით უკეთ ათამაშდა და ორი ლელოც მიითვალა. ჯერ ჩათვლის მოედანს ვასილ ლობჟანიძემ უწია და გარდასახვლა აბჟანდაძემ გაიტანა. მეორე ლელო აკა ტაბუცაძის ანგარიშზეა.
თავის მხრივ, შესვენების შემდეგ ლელოები საფრანგეთის ნაკრებმაც მიითვალა და საბოლოოდ, 41:15 იმარჯვა.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო ტესტ-მატჩს 20 ნოემბერს, ესპანეთში, ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
საფრანგეთი - საქართველო 41:15 (24:3)
ქულები: 3:0 ჟამინე (ჯარიმა), 3:3 ნინიაშვილი (ჯარიმა), 10:3 საჯარიმო ლელო, 15:3 ჟალიბერი (ლელო), 17:3 ჟამინე (გარდასახვა), 22:3 პენო (ლელო), 24:3 ჟამინე (გარდასხვა), 24:8 ლობჟანიძე (ლელო), 24:10 აბჟანდაძე (გარდასახვა), 29:10 მაუვაკა (ლელო), 31:10 ჟამინე (გარდასხვა), 31:15 ტაბუცაძე (ლელო), 36:15 პენო (ლელო), 41:15 პენო (ლელო).