საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა უზბეკეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ქართველმა ფეხბურთელმა ბევრ თემაზე ისაუბრა და თქვა, რომ შვედეთთან გამარჯვების შემდეგ თამასა მაღლა აიწია, რომლის დაწევა მათ არ სურთ და უნდა დაამტკიცონ, რომ სტაბილურად კარგად თამაში შეუძლიათ.
„რა თქმა უნდა შვედეთთან გამარჯვება დიდი პოზიტივი იყო, ასევე ზედიზედ მეორე მოგება. გუნდში ეიფორია არ არის, პირიქით, გვინდა დავამტკიცოთ, რომ სტაბილურად ასე თამაში შეგვიძლია. ნაკრებში ზოგჯერ ფეხბურთელები ლიმიტირებული რაოდენობითაა, თუნდაც ტრავმების გამო კიტეიშვილი და მიქაუტაძე გვაკლდა, რომლებსაც მალე დაბრუნებას ვუსურვებ. თუმცა, ეიფორიაში არანაირად არ ვართ. რა თქმა უნდა, გამარჯვება ვიზეიმეთ გულშემატკივართან ერთად, რაც ძალიან გვაკლდა, მაგრამ მეორე დღეს ახალ თამაშზე ფიქრი დავიწყეთ. უზბეკეთთან არის ტესტი, რომელიც გამოაჩენს რამდენად შეგვიძლია ამ დონის შენარჩუნება. შვედეთთან მატჩის შემდეგ თამასა მაღლა აიწია, მაგრამ მის ჩამოწევას არ ვაპირებთ, პირიქით, გვინდა, რომ უფრო ავწიოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.
მოტივაციაზე ჯანსაღი კონკურენცია დადებითად აისახება, თუმცა ეროვნულ ნაკრებში ვფიქრობ, დამატებითი მოტივაცია საჭირო არ არის, რადგან შენი ქვეყნისთვის და დროშისთვის თამაშობ. სანაკრებო სპეციფიკას თუ გავითვალისწინებთ, აქ ბევრი დრო არ არის ვარჯიშისთვის და ფეხბურთელი კლუბიდან მომზადებული უნდა ჩამოვიდეს, თუ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ინდივიდუალურად უნდა მოემზადოს, რადგან ნაკრებში მაქსიმუმი უნდა გაიღო. ჩემთვის დამატებითი მოტივაცია არ ყოფილა ის, რომ ნაკრებში არ გამომიძახეს, მაშინ გულშემატკივარი ვიყავი და ბიჭებს ვამხნევებდი. დარწმუნებული ვარ, დღეს ნაკრებში მოტივაციის პრობლემა არ არის და არც მომავალში იქნება, ყველას გათავისებული გვაქვს, რას ნიშნავს ეროვნულ ნაკრებში თამაში.
გულშემატკივრებმა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს, ჩვენთვის მათი შეძახილი, ემოცია სხვანაირად აღიქმება და დადებით ემოციას იწვევს. ბათუმში უდიდესი პოზიტივი მივიღეთ და ეს ემოციები მთავარი იყო. თუმცა, ფეხბურთში ეიფორიაში ყოფნის დრო არ არის, დიდი ხანი ვერ ვისიამოვნებთ, რადგან მეორე დღიდან ახალ მატჩზე ფიქრი დავიწყეთ.
გამოცდილ და ახალწვეულ ფეხბურთელებს შორის დისტანცია არ არის. როცა მე ვიწყებდი კარიერას, მაშინ უფრო დიდი დისტანცია იყო, მაგრამ ახლა ასე აღარაა. ყველანაირად ვცდილობთ მათ გუნდში ინტეგრაცია გავუადვილოთ. იგივე ლორია, კანკავა, კაშია ძალიან კომუნიკაბელური ბიჭები არიან და ყველაფერს ცდილობენ, რომ ახალგაზრდებს დაეხმარონ. დღეს ნაკრებში ამ კუთხით იდეალური თუ არა, იდეალურთან მიახლოებული ვითარებაა.
ყველა ფეხბურთელისთვის „დინამო არენა“ განსაკუთრებული სტადიონია. ეროვნული ლიგის თამაშებს შეძლებისდაგვარად ვუყურებ და ვიცი ბათუმში ფანები როგორ ზეიმსაც აწყობენ. ბათუმი საქართველოში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ქალაქია, თუ საუკეთესო არა. საბერძნეთთან მატჩში თითქოს სტუმრად ვითამაშეთ, ხოლო შვედეთთან ატმოსფერო საოცარი იყო, რადგან ეს გარემო ფანებმა შექმნეს. ამიტომ, მათ მადლობას ვუხდი. ახლა, შეიძლება ითქვას, აღარც ვიცი, სად ჯობია თამაში, ბათუმში თუ თბილისში. ცხადია, „დინამო არენაზეც“ საოცარი ატმოსფეროა, მაგრამ საქართველოს ნაკრები ყველა ქალაქის გულშემატკივარს ეკუთვნის“, - განაცხადა კვეკვესკირმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებისა და უზბეკეთის მატჩი 15 ნოემბერს, გორში, 18:00 საათზე გაიმართება. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ვილი სანიოლის გუნდმა ასპარეზობა 7 ქულით დაასრულა, რომელიც კოსოვოსთან, შვედეთთან და საბერძნეთთან მატჩებში მოიპოვა.