საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა დავით ვოლკოვმა უზბეკეთთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. აზერბაიჯანული „ზირას“ ფორვარდმა, რომელსაც შვედეთთან ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, აღნიშნა, რომ მისთვის ნაკრებში თამაში ბედნიერება და დიდი პასუხისმგებლობაა.
„ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს უდიდესი სიხარულია. აქედან გამომდინარე, ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მატჩში მონაწილეობის შანსი მომეცა. რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართ მომავალ შეხვედრას, ყველანი 100-პროცენტიანი კონცენტრაციით ვემზადებით. ვცდილობთ, რომ ამ მატჩსაც ისე მივუდგეთ, როგორც ოფიციალურ თამაშს, რადგან ეროვნულ ნაკრებში ამხანაგური შეხვედრა არ არსებობს. ბოლომდე დავიხარჯებით და იმედი მაქვს, რომ წელს დადებითი შედეგით დავასრულებთ", - აღნიშნა ვოლკოვმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ბათუმში შვედეთის ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 მოუგო, უზბეკეთს კი გორში, 15 ნოემბერს შეხვდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.