კალათბურთი

20:24 | 13.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მე-3 პერიოდში 10 ქულით ჩამორჩენილმა “ვერამ” “კაკტუსი” 80:73 დაამარცხა

სუპერლიგის მე-5 ტურის შაბათის თამაშები დასრულდა. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა “ვერამ” არჩილ ჟღენტის “კაკტუსი” დაამარცხა და მიმდინარე ჩემპიონატში უკვე მე-3 მოგება გაიფორმა. ვერელებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და შეხვედრა, რომელშიც მესამე პერიოდში 10 ქულით აგებდნენ, საბოლოოდ 80:73 (სტატისტიკა) მოიგეს.

სწორედ მესამე პერიოდი გამოდგა გარდამტეხი. 40:50 ჩამორჩენის შემდეგ მესამე პერიოდში დარჩენილი 7-წუთიანი მონაკვეთი ვერელებმა 20:4 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 6 ქულით დაწინაურდნენ. აღნიშნულ მონაკვეთში ვერელებმა გუნდურად ითამაშეს და კომბინირებულად შედეგიანი მოქმედებით მეტოქეს სამწამიანშიც აჯობეს და პერიმეტრზეც.

ბოლო პერიოდში “კაკტუსის” კალათბურთელებმა კიდევ ერთხელ მოიკრიბეს ძალები და დაწინაურება მოახერხეს, თუმცა მხოლოდ 1 ქულით და მცირე დროით. ვერელთა კაპიტანმა ვახტანგ ქადარიამ საკვანძო მომენტში ფარქვეშიდანაც ჩააგდო და სამქულიანიც მოინაგრა, რითაც გასიტაშვილის გუნდი მიუწვდომელი გახადა.

გამარჯვებულთაგან 22 ქულითა და 14 მოხსნით ვახტანგ ქადარიამ ულიდერა. ზაკ ელიასის ანგარიშზე 20 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. დარელ ბრაუნი ვერელებს 14 ქულით შეეწია. “კაკტუსში” 19 ქულით ბომბარდირი გახდა ანდრე ფოქსი, 16 ქულა და 12 მოხსნა ქუენტერიან მაკონიკომ მიითვალა, ირაკლი სულხანიშვილმა კი კაკტუსელებს 11 ქულა შემატა.

სუპერლიგის მე-5 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა 14 ნოემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

0.118993