იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო ვენტურამ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიას განუცხადა.
„გადავწყვიტე კარიერის დასრულება. 37 წლის წლის, ბევრი კარგი და რამდენიმე უარყოფითი მომენტის შემდეგ, მინდა დრო მთლიანად ჩემს ცხოვრებას დავუთმო. წლები გადის, მსურს, ცხოვრებით დავტკბე“, - თქვა 73 წლის სპეციალისტმა, რომელიც ბოლოს „სალერნიტანას“ ავარჯიშებდა.
ჯან პიერო ვენტურამ სამწვრთნელო კარიერა 1982 წელს დაიწყო. მან უამრავ გუნდში იმუშავა, მათ შორის „სპეციაში“, „ვენეციაში“, „ლეჩეში“, „კალიარიში“, „სამპდორიაში“, „უდინეზეში“, „ნაპოლიში“, „მესინაში“, „ვერონაში“, „პიზაში“, „ბარიში“, „ტორინოსა“ და „კიევოში“. 2016-2017 წლებში ვენტურა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და მისი ხელმძღვანელობით „სკუადრა აძურა“ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა.