ბლოგი

14:47 | 13.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

განცხადება

მოქალაქე მ.ტ.-ს (მცხოვრები უცნაურ ქვეყანაში)

განცხადება

მოგახსენებთ, რომ გუშინ, როდესაც მთელს ქალაქს ეძინა და სიმყუდროვეს მხოლოდ იშვიათად მოძრავი ავტომანქანებისა და ოპოზიციონერი მომიტინგეების ხმა არღვევდა, მივდიოდი ცენტრალურ ქუჩაზე საკმაოდ შეზარხოშებულ მდგომარეობაში, როდესაც დავინახე ძელსკამზე მჯდარი დაახლოებით ჩემი ასაკის მამაკაცი, რომელიც მივიჩნიე ისეთივე შეზარხოშებულად, როგორიც თავად გახლდით და გავუბი საუბარი ჯერ ამინდზე, შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ბოლოს სამწუხაროდ ფეხბურთზე ჩამოვარდა საუბარი.

ფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა კარგად ვუწყი ფეხბურთზე კამათის სრული აბსურდულობა, მაგრამ ზარხოშმა რაკი თავისი გაიტანა და მოგვიხდა შეკამათება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის დღეს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი. ამ საკითხზე კამათს გავურბივარ მეგობრებთანაც კი, მაგრამ სამწუხაროდ ავყევი უცნობი მამაკაცის (როგორც შემდეგში გაირკვა ვინმე ხვთისოს) პროვოკაციას და სრულიად გულრწფელად ვუთხარი, რომ დღეს ყველაზე მაგარ ფეხბურთელად იტალიელ-ბრაზილიელი ჟორჟინიო მიმაჩნია.

როგორც აღმოჩნდა, პატივცემული ხვთისო ყოფილა ლეო მესის თვალებდაბინდული ფანი, რომელმაც ჯერ მითხრა, რომ ვახურებ, ვაუკანალებ, მივქარავ, ვაჩმახებ, ვსიაფანდობ, ვტყუი და სხვა მრავალი... ამის შემდეგ კი გადმოვიდა გინებაზე ოჯახის ახლობლების მისამართით (მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, არ იცნობს მათ) და მთელი ტყეპაძეების საგვარეულო მოგვიხსენია იმგვარი სიტყვებით, “ბარსელონას“ ქომაგებიც კი რომ არ მოიხსენიებენ ამ გუნდის ხელმძღვანელობას.

მართალი გითხრათ დავიბენი და ცოტა არ იყოს შევშინდი, რადგან მოგეხსენებათ, ყოველდღე არ გვაგინებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ფეხბურთელი გვიყვარს, რომელიც გვიყვარს. სანამ ვფიქრობდი, რა პასუხი გამეცა ასეთი უხამსი შემოტევისთვის, მოპაექრე წამოხტა და მომიწოდა სასწრაფოდ გავცლოდი მას. ასე მითხრა: აბა ახლა გაიცურცლე აქედან, თორემ დაგისიებ მაგ სიფათს, ისედაც კარლეს პუიოლს რომ გიგავსო. მე არ დავყევი მის მოწოდებას და ვერც კი მივხვდი, როგორ დამარტყა მარჯვენა ხელის მუშტი მარცხენა ლოყაში.

მართალია, ჩვენი რელიგია გვასწავლის, ერთ ლოყაში რომ გირტყამენ მეორე უნდა მიუშვიროო, მაგრამ სამწუხაროდ, მე ვერ ვარ იმდენად რელიგიური, ცხონებულ ბებიაჩემს რომ გაუხარდებოდა და ანგარიშმიუცემლად ამოვუქნიე ფეხი, რომელიც ჩემდა სამარცხვინოდ ისე ავაცილე, როგორც უინსტონ ბოგარდი აცილებდა ბურთს იმ დიდებული 90-იანების ბოლოს.

დაიწყო ღია და აშკარა ჩხუბი, რომელშიც ვაღიარებ რომ დავმარცხდი, რადგან მომხვდური ჩემზე გამოცდილი მოჩხუბარი და დარტყმაზე უკეთესი პასუხის გამცემი გამოდგა. სანამ მე ერთ საცოდავ სილას ვუთავაზებდი, ის ჩემს სახეზე მუშტების კორიანტელს აყენებდა. პირველად მაშინ მივხვდი, თუ რას გრძნობს მოკრივე სანამ სანოკაუტედ წაბარბაცდება და გაიშხლართება.

ერთი სიტყვით, უსამართლოდ ვიცემე მხოლოდ იმიტომ, რომ ლეო მესის ჟორჟინიო მირჩევნია და მიუხედავად იმისა, რომ სარკეში ჩახედვისაც კი მრცხვენია, მაინც იმ პოზიციაზე ვარ, რომ ამჟამად ყველაზე მაგარი ფეხბურთელი სწორედაც ჟორჟინიოა. მზად ვარ ეს პოზიცია კვლავ დავიცვა. მანამდე კი ვინმე ხვთისოსგან ბოდიშის მოხდას და საკომპენსაციოდ იმდენ თანხას ვითხოვ, ჟორჟინიოს ერთ საკლუბო ან სანაკრებო (საკლუბო მირჩევნია) თამაშზე მაინც რომ შევძლო დასწრება. მზად ვარ ამაზე ბ-ნ ხვთისოს მოველაპარაკო. ოღონდ, მუშტებს და წიხლებს არა ვართ!

პატივისცემით მოქალაქე მუშნი ტყეპაძე

0.118462