ჩოგბურთი

1:33 | 13.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბადოსამ საბალენკას მოუგო, საკარიმ კი - სვიატეკს

ქალაქ გვადალახარაში (მექსიკა) მიმდინარე WTA-ს ფინალის პირველი შეხვედრები მოიგეს ესპანელმა პაულა ბადოსამ და ბერძენმა მარია საკარიმ, რომლებმაც შესაბამისად, პირველ ნომრად განთესილი ბელარუსი არინა საბალენკა და პოლონელი იგა სვიატეკი დაამარცხეს.

ბადოსამ საბალენკასთან შეხვედრა ცუდად დაიწყო და პირველ სეტში ბელარუსი 4-2 დაწინაურდა. თუმცა აქედან მოყოლებული, ესპანელმა თამაშის სადავეები სრულად იგდო ხელთ, ზედიზედ 10 გეიმი მოიგო და შეხვედრა თავის სასარგებლოდ (6-4, 6-0) დაასრულა.

23 წლის ბადოსამ ოქტომბერში ინდიან ველსის ტურნირი მოიგო, რამაც WTA-ს ფინალში დებიუტის საშუალება მისცა. კითხვაზე, როგორ მოახერხა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემობრუნება, მან უპასუხა: „საკუთარ თავს ვუთხარი, ახლა მასავით აგრესიულად უნდა ითამაშო... მან ძალიან აგრესიულად დაიწყო და მეც ვუპასუხე. მერე ისევ საკუთარ თავს გავუმეორე. ახლა უნდა შეიცვალო, შეწყვიტე იმის ლოდინი, რომ ის შეცდება და შეცდომის დაშვება აიძულე. სულ ეს იყო“.

საკარიმ დასაწყისშივე შეძლო სვიატეკთან ბრეიკის აღება და ამის შემდეგ, უპირატესობა ხელიდან აღარც გაუშვია. პოლონელმა მეორე სეტში გაბრძოლება სცადა და მეშვიდე გეიმში, ბრეიკსაც მიაღწია (მესამე ბრეიკ პოინტზე). მაგრამ საკარის, ვინც შესანიშნავად აწოდებდა, მისთვის მეტი შანსი აღარ მიუცია. ბერძენმა მომდევნო სამი გეიმი მოიგო და შეხვედრა გამარჯვებით (6-2, 6-4) დაასრულა.

მატჩ პოინტის გათამაშებამდე, სვიატეკს ეტყობოდა, რომ ტირილს აპირებდა. როცა შეხვედრა დაასრულა, საკარი მას ბადესთან გადაეხვია და ასე სცადა მისი დამშვიდება.

„შევამჩნიე, რომ ძალიან გაუჭირდა. კორტის მეორე მხარეს ამის დანახვა, სასიამოვნო ნამდვილად არ იყო. ის ძალიან, ძალიან კარგი გოგოა. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვაქვს. ეს რაღაც ბუნებრივი იყო“, - განაცხადა საკარიმ, ვინც 20 წლის სვიატეკს მესამედ შეხვდა და მესამედ მოუგო. სამივე შეხვედრა ამ სეზონში გაიმართა.

ბერძენი ჩოგბურთელი თავის საუკეთესო სეზონს ატარებს. მან საფრანგეთის და აშშ-ის ღია პირველობებზე ნახევარფინალს მიაღწია და ამჟამად რეიტინგში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

WTA-ს ფინალში რეიტინგის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი თამაშობს. ისინი ორ ჯგუფად არიან დაყოფილი და ჯგუფურ ეტაპზე, სამ-სამ შეხვედრას ატარებენ. ჯგუფებში ორ-ორი საუკეთესო მომდევნო ეტაპზე, ნახევარფინალში გადის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104812