შვედეთის ნაკრების ვარსკვლავმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ (0:2) კომენტარი შვედურ მედიასთან გააკეთა. ზლატანის აზრით, მათ კარგად ითამაშეს, მაგრამ მხოლოდ გოლის გატანა დააკლდათ და ამიტომაც, წააგეს. იბრაჰიმოვიჩის აზრით, პირველი ტაიმის მერე ანგარიში შვედეთის სასარგებლოდ 4:0 უნდა ყოფილიყო.
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, უნდა მოგვეგო. ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და მხოლოდ გოლი დაგვაკლდა. მათ ორი გოლი გაიტანეს და მოიგეს. ლაპარაკიც არაა, ჩვენ მათზე ბევრად უკეთესი გუნდი გვყავს. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ვითამაშეთ, ნაკლებად კარგად თუ უფრო კარგად, საკმარისი საგოლე მომენტები შევქმენით გამარჯვებისთვის.
რა თქმა უნდა, იმედგაცრუება არსებობს, ყველა გუნდს უნდა გამარჯვება. ვფიქრობ, ყველამ კარგად ითამაშა, უბრალოდ, მხოლოდ გოლები დაგვაკლდა. ერთადერთი რაც გვაკლდა მომენტების რეალიზაცია იყო, გოლი რომ გაგვეტანა, სულ სხვა თამაში იქნებოდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, თორემ სრულიად განსხვავებული სურათი იქნებოდა.
არა, არა მგონია, რომ ჩვენ საქართველოს ნაკრები არ დავაფასეთ. უბრალოდ, უნდა მოგვეგო, პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 3:0 ან 4:0 უნდა ყოფილიყო. თუ გოლს ვერ გაიტან, ვერც თამაშს მოიგებ და მერე საქართველომ გაიტანა და გაიმარჯვა.
ერთი მატჩი დარჩა. ყველაფერს გავაკეთებთ იმ მიზნის მისაღწევად, რაც გვაქვს. ყველანი პროფესიონალები ვართ და პასუხისმგებლობას ვიღებთ. ენერგია უნდა აღვიდგინოთ და შემდეგ მატჩზე გავაკეთოთ კონცენტრირება. პირადად მე, რაც მეტს ვთამაშობ, მით უკეთ ვგრძნობ თავს. ბოლო კვირაში ორჯერ ვითამაშე, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ და კვირას კიდევ ერთი თამაშია“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა შვედურ მედიასთან.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში 7 ქულით მეოთხე ადგილზეა, კოსოვოს ნაკრებს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ საბერძნეთთან დიდი ანგარიშით უნდა მოიგოს, რაც ნაკლებ სავარაუდოა. ვილი სანიოლის გუნდი 15 ნოემბერს, უზბეკეთს ამხანაგურად გაეჯიბრება და წლის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. აქვე გავიხსენოთ, საქართველოს ნაკრების შედეგები შესარჩევი ეტაპის განვლილ 8 მატჩში: შვედეთთან 0:1, ესპანეთთან 1:2, საბერძნეთთან 1:1, კოსოვოსთან 0:1, ესპანეთთან 0:4, საბერძნეთთან 0:2, კოსოვოსთან 2:1 და შვედეთთან 2:0.
აქვე გეტყვით, რომ შვედეთის ნაკრებს გადამწვეტი მატჩი ბოლო ტურში სტუმრად ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ელოდება და პირველ ადგილზე გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.