შვედეთთან საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში შვედური მედიაც გამოეხმაურა, რომელთა დიდი ნაწილი ბათუმში იმყოფებოდა და საკუთარი თვალით იხილეს სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო.
ერთ-ერთი მათგანი Fotbollskanalen-ის ჟურნალისტი ოლოფ ლუნდსია, რომელიც სტადიონზე შექმნილი ატმოსფეროთი მისი საფეხბურთო ნაკრების მარცხის მიუხედავად აღფრთოვანებული დარჩა. მან ვრცელი ბლოგი გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად შვედეთის ნაკრებზეა, მაგრამ მასში საქართველოზეც ვკითხულობთ:
„როდესაც საფინალო სასტვენი გაისმა, თითქმის 7 000 ქართველი ღრიალებდა და ისე იქცეოდნენ, თითქოს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს. რთული იყო ამ ძლიერი ემოციებით არ დაინფიცირებულიყავი. საქართველომ მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, რომელიც მისთვის უმნიშვნელო იყო, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და შვედეთის დასაქვეითებლად ძალიან მნიშვნელოვანი. სტადიონზე ატმოსფერო ფანტასტიკური იყო“, - წერს შვედი ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა შვედეთის ნაკრები ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 დაამარცხა და შესარჩევი ეტაპი 7 ქულით დაასრულა. შვედეთმა კი ბათუმში წაგებით ჯგუფში ლიდერის პოზიცია დაკარგა და ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრებთან სტუმრად მხოლოდ გამარჯვება გაიყვანს პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატზე.