დეონტეი უაილდერთან გამარჯვების შემდეგ, WBC-ს მძიმე წონის ჩემპიონი ტაისონ ფიური კარიერის დასრულებას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და ახლა დილიან უაითთან შეხვედრას გეგმავს.
ფიურის ბიძაშვილი და მწვრთნელის თანაშემწე ენდი ლი ამბობს, რომ ტაისონი ვარჯიშს აგრძელებს და „დვიზიონის გასუფთავებას“ აპირებს. თუმცა იმასაც დასძენს, რომ 33 წლის ბრიტანელის დამარცხება ამჟამად არავის შეუძლია.
ფიურიმ უაილდერს მე-11 რაუნდში ნოკაუტი აგემა, შეხვედრის შემდეგ კი გაირკვა, რომ მას ორივე იდაყვზე წანაზარდი ჰქონდა, რის გამოც, მხოლოდ თავისი შესაძლებლობის 50 პროცენტის გამოყენებას ახერხებდა.
პრომოუტერი ფრენკ უორენი ამბობს, რომ ფიურიმ არჩევანის გაკეთებისას არ უნდა იჩქაროს. უფრო მეტიც, ის ფიქრობს, რომ ფიურიმ მანამ არ უნდა აირჩიოს მეტოქე, სანამ WBC-ს კონვენცია (ნოემბრის ბოლოს) გაიმართება.
ლი კი ამბობს, რომ ფიურის ხელთათმანების ლურსმანზე დაკიდება ჰქონდა განზრახული, მაგრამ გადაიფიქრა და პრეტენდნტთან შეხვედრა გადაწყვიტა.
„მე მას ვკითხე, რას აპირებ? წასვლა გინდა? მან მიპასუხა. მე ვფიქრობ ამაზე, მერე კი დაამატა, რომ მეორე მხრივ, თუ წავალ, რა უნდა ვაკეთოო? მას უყვარს ვარჯიში. მასმ უყვარს ბრძოლა. და მიუხედავად იმისა, რომ ბადალი არ ჰყავს, სხვა ბიჭების დამარცხებით და დივიზიონის გასუფთავებით, ბევრი სიამოვნების მიღება შეუძლია. თან ამაში ხომ წარმოუდგენლად ბევრ ფულს უხდიან“, - ამბობს ლი და დასძენს, რომ ფიურის უაითთან ბრძოლა სურს.