ფეხბურთი

17:55 | 11.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

შვედების ანალიტიკოსი და მწვრთნელი კვარაცხელიას უფრთხიან: "ფეხბურთელები გავაფრთხილეთ"

შვედეთის ნაკრებში ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიას უფრთხიან. ამის შესახებ შვედურ მედიასთან გუნდის ერთ-ერთმა მენეჯერმა ლასე იაკობსენმა ისაუბრა, რომელიც მეტოქეებს დეტალურად სწავლობს და არც საქართველოა გამონაკლისი. მან კვარაცხელიას მეტსახელიც შეარქვა.

„საქართველოსთან შინ ცოტა გაგვიჭირდა. ისინი დაცვაში აგრესიულად თამაშობენ და შეტევაში გადასვლისას ყველა ფეხბურთელი ცდილობს გუნდის დახმარებას. მათი მთავარი ძალა პირველ რიგში პასებით თამაშია და როგორც წესი, მეტოქის ნახევარმცველებსა და დაცვის ხაზს შორის ბურთს გარემარბებს აწვდიან. ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიას გამოვარჩევ. მას kvicken-ს (სწრაფი) ვეძახი. ის მარცხნივ თამაშობს, მაგრამ მემარჯვენეა. მათი სახელების დამახსოვრება ცოტა რთულია, ამიტომ, ყველას მეტსახელებს ვეძახი. მართლა კარგი მოთამაშეა, უკიდურესად ტოქსიკური, აქამდე შესარჩევში ყველა მატჩში გამოირჩეოდა. დიახ, ჩვენს მარჯვენა მცველს ბევრი სამუშაო ექნება, მაგრამ ემილ კრაფტიც სწრაფი ფეხბურთელია“, - თქვა ლასე იაკობსენმა.

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმაც გააკეთა.

„ლასემ კრისტოფერ ბერნსპონგთან (ანალიტიკოსი) ერთად საქართველოს ყველაზე მეტი მატჩი ნახა და ინფორმაცია მოგვაწვდინა. ლასეს აქვს უნარი, რომ არა მარტო ფეხბურთელებს, არამედ ზოგადად ადამიანებს მეტსახელები შეარქვას და სასაცილოა, რომ მას Kvikcen-ს ეძახის. ის კარგი ფეხბურთელია, რომელსაც საჯარიმოში შესვლა და იქ მარჯვენა ფეხით რაღაცების გამოგონება შეუძლია. ამის შესახებ ფეხბურთელები გავაფრთხილეთ“, - აღნიშნა ანდერსონმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და კოსოვოს ბურთების ბალანსით უსწრებს, შვედეთის ნაკრებს კი 11 ნოემბერს, ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო ამ მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. შვედეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერია და ესპანეთს 2 ქულით უსწრებს, იანე ანდერსონის გუნდი საქართველოს შემდეგ ესპანეთში ითამაშებს, ხოლო „ფურია როხა“ მანამდე ათენში, საბერძნეთს ესტუმრება.

0.117346