ავტოსპორტი

2:08 | 11.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასმა დააგვიანა, ფერსტაპენს კი გაუმართლა

მაქს ფერსტაპენმა მექსიკაში შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა და შესაძლოა, ლუის ჰამილტონთან ტიტულისთვის ბრძოლაში, გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწია. სტარტზე ის მესამე იდგა, მაგრამ პირველივე მოსახვევში, პირველი შეიჭრა და აქედან მოყოლებული, მეტოქისთვის მცირე შანსიც არ მიუცია.

რომ არა პირველ მოსახვევში ორივე „მერსედესის“ ჩამოტოვება, მაქსს ალბათ უფრო გაუჭირდებოდა, თუმცა დიდი ალბათობით, სამქიმიანები მის შეკავებას ვერ შეძლებდნენ. და მაინც, სტარტზევე მეტოქეების ჩამოტოვება, ამ რბოლის მთავარი მომენტი იყო.

ისიც ფაქტია, რომ „მერსედესის“ პილოტებმა ვერ შეძლეს მანევრით მეტოქის შეკავება. მათ შორის კი სუსტი წერტილი ვალტერი ბოტასი აღმოჩნდა, ვინც ჰოლანდიელს გასასწრებად საკმარისი დერეფანი დაუტოვა. ამასთან, მაქსი ყველაზე ხელსაყრელ ტრაექტორიაზე მოძრაობდა, ჰამილტონი კი ყველაზე ცუდ ტრაექტორიაზე იყო.

კითხვაზე, რა მოხდა, პასუხს „მერსედესის“ სარბოლო ტაქტიკის დირექტორიჯეიმს ვოულზი იძლევა:

„ჩანაფიქრი მარტივი იყო. ვალტერი, თუ ის კარგ სტარტს აიღებდა, ლუისს სლიპ სტრიმით უზრუნველყოფდა. მასვე ფერსტაპენის შეტევა უნდა აღეკვეთა. მაგრამ ვალტერიმ ლუისზე და მაქსზე ოდნავ უარესი სტარტი აიღო. ამის გამო, ლუისი სლიპ სტრიმიდან ადრე გამოვიდა და სასურველი აჩქარება ვერ მიიღო. ფერსტაპენს კი ძალიან, ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა. და ძალიან სწრაფად აღმოჩნდა ვალტერის გვერდით“.

ვოულზი ასევე განმარტავს, როგორ შეძლო ფერსტაპენმა, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეებზე გვინ დაამუხრუჭა, პირველი მოსახვევის იდეალურად გავლა: „რა თქმა უნდა, მაქსი იდეალურ ტრაექტორიაზე იყო და შეეძლო, რამდენიმე მეტრით გვიან დაეჭირა მუხრუჭებზე. მაგრამ ამის მიუხედავად, სხვაობა ასე დიდი მაინც არ უნდა ყოფილიყო. თუმცა ფერსტაპენმა რბოლის შემდეგ განაცხადა, რომ რისკზე წავიდა, უფრო ბრმად დაამუხრუჭა და მხოლოდ უკეთესის იმედზე იყო. და გაუმართლა“.

გაუმართლა, რომ მოსახვევში ჩაეტია. დანარჩენი კი მის ოსტატობაზე იყო დამოკიდებული...

როგორც ხშირად ხდება, ძლიერებს უმართლებს. და ფერსტაპენმა ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

0.139196