სხვა

5:37 | 10.11.2021 | ნანახია 310 - ჯერ

მარკესი სეზონის ბოლო რბოლას გამოტოვებს

მოტო გრანპრის ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი, ესპანელი მარკ მარკესი, სეზონის ბოლო რბოლას, რომელიც ვალენსიაში ჩატარდება, ტრავმის გამო გამოტოვებს. ეს ტრავმა მან ერთი კვირის წინ, ვარჯიშის დროს მომხდარი ინციდენტისას მიიღო.

„რეპსოლ ჰონდას“ მრბოლი იმ ინციდენტის შემდეგ, მხედველობის გაუარესებას უჩივის. ამ პრობლემის გამო, მან ასევე ალგარვეს დიდი პრიზის რბოლა გამოტოვა.

„ამ დღეებში მარკი თავს ისევ ცუდად გრძნობდა. მას მხედველობა აქვს გაუარესებული. ის ექიმმა სანჩეს დალმანმა მოინახულა და საჭირო ტესტები ჩაუტარა, რის შედეგადაც, დიპლოპიის (გაორებული მხედველობა) ნიშნები დაუდგინა“, - ნათქვამია „ჰონდას“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

28 წლის მარკესს ამ სეზონში სამი რბოლა აქვს მოგებული. ტრავმის გამო, ის არც სეზონის შემდგომ ტესტებზე გამოვა, რომლებიც ხერესში (ესპანეთი), 18-19 ნოემბერს ჩატარდება.

მსოფლიო ჩემპიონის წოდება უკვე განაღდებული აქვს 22 წლის ფრანგ ფაბიო კვარტარაროს, ვინც „იამაჰას“ მოტოციკლით ასპარეზობს.

0.121726