იტალიური „მილანის“ ხელმძღვანელობა სტეფანო პიოლის მუშაობით კმაყოფილია და იტალიელ სპეციალისტთან კონტრაქტის განახლება იგეგმება.
პაოლო მალდინი უკვე მუშაობს ამ საკითხზე და ის კმაყოფილია, რომ თავის დროზე გუნდში პიოლი მიიყვანა. ამიტომ, გზის გაგრძელებას მასთან ერთად გეგმავს და მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ. „როსონერიში“ დარჩენა თავად გამოცდილ სპეციალისტსაც სურს.
პიოლი ხელფასი ლომბარდიულ გრანდში ამჟამად მხოლოდ 2 მილიონი ევროა და განახლებული კონტრაქტის თანახმად, მისი გასამრჯელო გაორმაგდება - 4 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები.
შეგახსენებთ, რომ სტეფანო პიოლიმ „მილანი“ 2019 წლის მიწურულს ჩაიბარა და იტალიური გრანდი 7-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. „როსონერიმ“ მიმდინარე სეზონიც შესანიშნავად დაიწყო და 12 ტურში მოპოვებული 32 ქულით „ნაპოლისთან“ ერთად ლიდერია. აღსანიშნავია, რომ „მილანს“ 12 მატჩის შემდეგ 32 ქულა სერია A-ში თავისი არსებობის ისტორიაში პირველად აქვს.