ფეხბურთი

19:33 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "გვინდა, რომ ქართველ გულშემატკივარს პოზიტივის საფუძველი მივცეთ"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა შვედეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, გულშემატკივრების დასწრება მათთვის დამატებითი მოტივაციაა და ამიტომ, უფრო თავისუფლად და ლაღად ითამაშებენ.

"რა თქმა უნდა, კოსოვოში მოპოვებული გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მითუმეტეს იმ ცუდი სერიის ფონზე, რომელიც მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე გვქონდა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ შვედეთის წინააღმდეგ უფრო ლაღად და თავისუფლად ვითამაშებთ. სტადიონზე მაყურებლის დაბრუნება ბუნებრივია დამატებითი მოტივაციაა. მითუმეტეს, რომ თითოეულ ჩვენგანს გათავისებული აქვს თუ როგორი სამწუხარო ტრაგედიის ფონზე მოგვიწია ოქტომბერში თამაში. ახლა კი გვსურს ბათუმელ და სრულიად ქართველ გულშემატკივარს პოზიტივის საფუძველი მივცეთ და ჩვენი თამაშით გავახაროთ", - ციტირებს სფფ-ის პრესსამსახური კვეკვესკირის სიტყვებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და კოსოვოს ბურთების ბალანსით უსწრებს, შვედეთის ნაკრებს კი 11 ნოემბერს, ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო ამ მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. შვედეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერია და ესპანეთს 2 ქულით უსწრებს, იანე ანდერსონის გუნდი საქართველოს შემდეგ ესპანეთში ითამაშებს, ხოლო „ფურია როხა“ მანამდე ათენში, საბერძნეთს ესტუმრება.

0.140914