ფეხბურთი

23:10 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "მზად ვარ, საქართველოსთანაც ვითამაშო და ესპანეთთანაც, სასწორზე ბევრი რამ არის"

შვედეთის ნაკრებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაუბრუნდა, რომელიც ბათუმში ჩამოვა და საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს. 40 წლის ვარსკვლავმა შვედური მედიის შეკითხვებს უპასუხა და ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ითამაშებს თუ არა ის, როგორც საქართველოსთან, ისე შემდეგ ესპანეთთან.

ზლატანის განცხადებით, ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული და თვითონ მზადაა ორივე მატჩში მოედანზე გავიდეს და გუნდისთვის დაიხარჯოს.

„აქ იმიტომ ვიმყოფები, რომ გუნდის განკარგულებაში ვარ. თუ იანეს (ანდერსონი, შვედეთის მთავარი მწვრთნელი) სურს, რომ ორივე შეხვედრაში ვითამაშო, ორივეს ვითამაშებ. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ არა სურს იანეს და როგორი გეგმა აქვს. საჭიროების შემთხვევაში შემიძლია ვითამაშო. თუმცა, სათამაშო დროის კუთხით ბალანსი უნდა მქონდეს, იმის გათვალისწინებით, რომ ტრავმები მაქვს. ჩემს სხეულს ყოველდღიურად უკეთ ვიცნობ. სხეული ბერდება, მაგრამ გონება ახალგაზრდავდება და უკეთ გამოვიყურები.

ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ცოტა უიღბლო პერიოდი მქონდა, მაგრამ ახლა კარგად ვარ და მართლა ფეხზე ვარ. ბედნიერი ვარ, რომ თამაში შემიძლია. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ეს ის მატჩებია, რომლის თამაში გინდა, როცა სასწორზე ბევრი რამ არის. ეროვნულმა ნაკრებმა აქამდე შესანიშნავად ითამაშა, ახლა მხოლოდ ბოლო ეტაპია დარჩენილი. თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ და კარგად ვითამაშოთ.

ევრო 2020? ძნელი იყო მისი გამოტოვება, ძალიან ძნელი. ეს იყო ერთ-ერთი რამ, რასაც მოუთმენლად ველოდი და ვნატრობდი. მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვითამაშე. საკუთარ თავთან გულწრფელი ვიყავი. 100%-ით მზად არ ვიყავი, პატარა ოპერაცია გავიკეთე და იმაზე მეტი დრო დამჭირდა, ვიდრე ვფიქრობდი.

კარიერის დასრულებისთვის არანაირი დრო არ მაქვს დადგენილი. მინდა, ვითამაშო, სანამ შემიძლია. არ მინდა ჩემს გონებაში სინანული იყოს და ვიფიქრო: „რატომ დავანებე თამაშს თავი? შემეძლო გამეგრძლებინა“, - თქვა ზლატანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და კოსოვოს ბურთების ბალანსით უსწრებს, შვედეთის ნაკრებს კი 11 ნოემბერს, ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო ამ მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. შვედეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერია და ესპანეთს 2 ქულით უსწრებს, იანე ანდერსონის გუნდი საქართველოს შემდეგ ესპანეთში ითამაშებს, ხოლო „ფურია როხა“ მანამდე ათენში, საბერძნეთს ესტუმრება.

0.112707